საქართველო ჩვენი პარტნიორია, რომელიც მიწვეული იქნება ნატო-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებზე -ჯიმ ო’ბრაიენი

34
spot_img

საქართველო ჩვენი პარტნიორია, რომელიც მიწვეული იქნება ნატო-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებზე, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა.

ამასთან, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონი ძალიან შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ლიდერების მცირე ჯგუფის გადაწყვეტილებებით და რიტორიკით.

„ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობის 80-85 პროცენტს სურს ევროკაშირსა და ნატო-ში შემდგომი ინტეგრაცია. ჩვენ ვნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ახლახან თქვა, ისინი მოელიან, რომ მათი ბოლო ქმედებები საფრთხეს არ შეუქმნის ამ გზას. ჩვენ შევეცადეთ, ვყოფილიყავით ძალიან მკაფიო და ვფიქრობ, უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა დღეს ნათლად განაცხადა, რომ ბოლო ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის ფიგურების მიმართ, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მოსკოვის მსგავსი უცხოელი აგენტების კანონი, გადაწყვეტილება ჩინური კომპანიისთვის ახალი პორტის გადაცემის შესახებ, ეს ყველაფერი შეუთავსებელია აშშ-სა და ევროკავშირში დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ მთავრობას, გადახედოს თავის პოზიციას და გავაგრძელებთ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი თუ მრავალმხრივი ჩართულობის განხილვას. გავაგრძელებთ დისკუსიებს ქართველ ოფიციალურ პირებთან. ჩვენი საელჩო ძალიან აქტიურია მათთან კომუნიკაციაში. ბევრი ევროპელი ლიდერი იყო ძალიან აქტიური. გავაგრძელებთ ამ საუბრებს მაშინაც კი, როდესაც მივდივართ ნატო-ს სამიტის პარტნიორობის ღონისძიებებზე. ნატო-ს ყველა პარტნიორი მოწვეულია პარტნიორობის ღონისძიებებზე“, – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.