„ვივამედის“ კლინიკაში მყოფი ყველა მსჯავრდებული და ბრალდებული მოვინახულე. მოვინახულე მიხეილ სააკაშვილიც და ვესაუბრე, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ მივდივარ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში და თავად ვნახულობ მსჯავრდებულებს, ეს ვიზიტიც ამას ემსახურებოდა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
ომბუდსმენის თქმით, მას არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი, თუმცა გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე წინა ვიზიტისას.
„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორ დამხვდა მიხეილ სააკაშვილი, იმასთან შედარებით ბევრად უკეთ გამოიყურება. მის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და არც კლინიკის. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მივიღე ინფორმაცია, მაგრამ ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. მოკლე საუბარი გვქონდა, მადლობა გადაგვიხადა სახალხო დამცველის აპარატს, რომ მთელი წლის განმავლობაში რეგულარულად ვამონიტორინგებთ მის მდგომარეობას და საზოგადოებას ვაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას. მეც ვუთხარი, რომ ჩვენი მხრიდან, ჩვენი მანდატის ფარგლებში რაც გასაკეთებელია, ჩვენ არა მხოლოდ მის მიმართ, არამედ ყველასას მიმართ აუცილებლად გავაკეთებთ. რამე განსაკუთრებული მოთხოვნა მას ჩემთან ან ექიმების მიმართ არ გაუჟღერებია“, – განაცხადა იოსელიანმა.