მადლობას ვუხდი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომელსაც სამი ათწლეულია, განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაცვასა და გაძლიერებაში-ირაკლი კობახიძე

9
spot_img

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, მთელ პირად შემადგენლობას, ყველა მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს მინდა, გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი ღირსშესანიშნავი დღე, სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უკვე სამი ათწლეულია, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაცვასა და გაძლიერებაში.

„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ურთულეს პერიოდში შექმნილ თქვენს უწყებას უმნიშვნელოვანესი მისია დაეკისრა – უკვე სამი ათწლეულია, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურებით და განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვასა და გაძლიერებაში, რისთვისაც მინდა, თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ.

თქვენი ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობა მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული და პროფესიონალიზმთან ერთად, სიმამაცესა და თავდადებას მოითხოვს. დღეს ჩვენ ვიხსენებთ და კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული გმირების, თქვენი მეგობრებისა და კოლეგების ნათელ ხსოვნას.

ვაჯამებთ რა განვლილ წლებს, მუდმივი პროგრესისა და განვითარების პროცესს, დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ – სამსახურის ხელმძღვანელობის, თითოეული თქვენგანის დიდი შრომით, სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახური უმაღლესი დონის ევროპული სტანდარტების ინსტიტუციად ჩამოყალიბდა, რომელიც სრულად არის მზად ნებისმიერ გამოწვევაზე საპასუხოდ. დღეს ჩვენ გვქონდა საშუალება, ადგილზე გავცნობოდით სამსახურის შესაძლებლობებს და დღევანდელი დღეც არის ერთ-ერთი დასტური, თუ როგორ გრძელდება ზრუნვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განვითარებაზე, რაშიც განსაკუთრებული წვლილი ბატონ ანზორ ჩუბინიძეს მიუძღვის და მინდა, მას ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო.

საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახლით, მადლობას გიხდით ჩვენი სახელმწიფოს ერთგული მსახურებისათვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისათვის და გპირდებით თანადგომას პირადად ჩემი და რაც მთავარია, მთავრობის სახელით. გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს, მშვიდობას და კეთილდღეობას თითოეულ თქვენგანს და თქვენს ოჯახებს”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის, სტადიონი, ექსტრემალური მართვის მშენებარე საწვრთნელი მოედანი, სასროლეთი, ავტომუზეუმი. მოეწყო დასაცავ პირზე შენობაში თავდასხმისა და ევაკუაციის, ასევე კორტეჟზე თავდასხმა-მოგერიების და კინოლოგების საჩვენებელი იმიტაცია.

ღონისძიებაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ მოწვეულ სტუმრებს სამსახურის ანგარიში წარუდგინა. ღონისძიების დასასრულს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისა და სანიმუშო დისციპლინისთვის, სამსახურის შექმნის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პირველი ხარისხის მედლით დაჯილდოვდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები.