„დასაკარგი არაფერი გვაქვს…“ – სანიოლის პირველი კომენტარი ჩეხებთან მატჩის შემდეგ

28
spot_img

ევრო 2024-ზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა პირველი ქულა მოიპოვა. ვილი სანიოლის გუნდი ჰამბურგში, ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განვლილი მატჩი შეაფასა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ვილი სანიოლი: რამდენიმე წელია მიცნობთ და არ მიყვარს ფეხბურთელებზე ინდივიდუალურად საუბარი. დღეს ხვიჩაზე არ ვისაუბრებ. რაღაც დროის შემდეგ, როდესაც მატჩს გავაანალიზებთ შესაძლოა. იმედი გვაქვს, რომ კიტეიშვილი შემდეგ თამაშში იქნება. რაც შეეხება კვერკველიას, მან აქ ჩამოსვლამდე რამდენიმე დღე თბილისში, საავადმყოფოში გაატარა, რადგან ჰქონდა ვირუსი. ამის გამო მოსამზადებელ ეტაპზე პრობლემები შეექმნა, მისი შეცვლა ამით იყო გამოწვეული. სამ-ნახევარი წელია აქ ვარ და ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიე. ეს ტურნირი ჩემთვის მწარე გამოცდილება იყო. საბასთან მივედი, რადგან ვიცი, რასაც გრძნობდა. მე ის გავამხნევე, რადგან ასეთი რაღაცები ხდება. შერეული გრძნობები გვაქვს. თამაშის ბოლოს ყველა დამწუხრებული იყო, შემდეგ კი გაიაზრეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა ავიღეთ. ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვშრომობდით.

ყველაზე ძლიერი გრძნობა – ეს არის სიამაყე. არ შეიძლება იმედგაცრუებული იყო, როცა იცი საიდან მოდიხარ და რა გააკეთე. მჯერა, რომ ამ თამაშის შემდეგ მთელი ქვეყანა განსაკუთრებულად იზეიმებს, ისე, როგორც მათ იციან. ჩეხეთმა არ გამაოცა. ვიცოდი, რომ რთული მატჩი იქნებოდა და ასეც იქნებოდა. ჩეხეთმა პირველიდან ბოლო წუთამდე დიდი ზეწოლა შეგვიქმნა.

ვფიქრობ, რომ ისინიც იმედგაცრუებულები არიან, რადგან მოგება უნდოდათ და ბევრი მომენტი შექმნეს, მაგრამ ჩვენ საოცარი მეკარე გვყავს გიორგი მამარდაშვილის სახით, რომელმაც ბევრი ბურთი აიღო. პორტუგალიასთან მატჩი? ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. აქ ვართ და ვიცით, რომ მთავარი მიზანი გამოცდილების მიღებაა. საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ევროპის ჩემპიონატს მაშინვე მოვიგებთ.

ფეხბურთელებისთვის სწორედ ასეთი თამაშებია მნიშვნელოვანი, რადგან შეუძლიათ დაინახოთ, თუ სად უნდა იყონ და როგორ უნდა ითამაშოს. ეს ტურნირი მთელ ქვეყანას ძალიან დაეხმარება. პორტუგალია ტოპ-გუნდია, ჩვენ კი ჩვენი ამბიცია იქნება. რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით, რომ ჩვენთვის სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. დღეს ბევრი ფეხბურთელი დაიღალა და მნიშვნელოვანია, რომ კარგად დავისვენოთ. ემოციების მხრივ, საკმაოდ დატვირთული მატჩი იყო. მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩვენ რა გავაკეთეთ. ეს კარგად გავაანალიზოთ და მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ. რა თქმა უნდა, საბას ვესაუბრეთ და ყველა ვცდილობთ, რომ მან თავი უკეთესად იგრძნოს. ის ნამდვილად განიცდის, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მას ეს მომენტი გადავატანინოთ.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს F ჯგუფში 2 ტურის შემდეგ 1 ფრე და 1 მარცხი აქვს. 18 ივნისს ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებთან 1:3 დამარცხდა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კი 26 ივნისს, გელზენკირხენში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.