“ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა, დახურულ კარს მიღმა, ფარულად გაურიგდა „ქართულ ოცნებას”

107
spot_img

სამწუხაროდ, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა და დახურულ კარს მიღმა, ფარულად გაურიგდა „ქართულ ოცნებას“, რომ იუსტიციის საბჭოში კლანის მფარველობისთვის შეეყვანათ ადამიანები და არა იმისთვის, რომ საჯარო ინტერესი იყოს დაცული სასამართლო სისტემაში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სხდომა, რომელზეც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრა იმართებოდა, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა, მათ შორის ანა ნაცვლიშვილმა, მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა სამ კანდიდატს მხარი დაუჭირა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, სხდომის დაწყებამდე ოპოზიციაში უმრავლესობა შეთანხმებული იყო და მზად იყვნენ, რომ პოლიტიკური კონსენსუსი შემდგარიყო და გაგრძელებულიყო საუბარი „ქართულ ოცნებასთან“.

„ორი წლის განმავლობში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფუნქციონირებდა კონსტიტუციური ლეგიტიმაციის გარეშე, ვინაიდან პარლამენტი, „ქართული ოცნება“ ხელოვნურად ბლოკავდა არამოსამართლე წევრების არჩევას. ჩვენ არაერთხელ დავსვით ეს საკითხი დღის წესრიგში და ოპოზიციის მოთხოვნის შემდეგ დაიწყო კანდიდატების შერჩევის პროცესი. გასული წლის დეკემბერში მათ ჰქონდათ მცდელობა პროცედურული ხრიკით, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამოეგდოთ, ჩვენ ეს შევაჩერეთ. დღეს ულტიმატუმის რეჟიმში მათ დაიწყეს საკითხის კენჭისყრაზე გამოტანა. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და დავუფიქსირეთ უმრავლესობას, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო პოლიტიკური კონსენსუსით, ჩვენ მზად ვართ და მზად ვიყავით რომ იუსტიციის საბჭო დაკომპლექტებულიყო მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი კადრებით. ასევე, დავაფიქსირეთ კენჭისყრის დაწყებამდე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ოპოზიცია, უმრავლესობა ოპოზიციაში ვიყავით შეთანხმებული და ვიყავით მზად, რომ პოლიტიკური კონსენსუსი შემდგარიყო და გაგრძელებულიყო საუბარი „ქართულ ოცნებასთან“, დაგვესახელებინა ჩვენთვის მისაღები კანდიდატები და მათ დაესახელებინათ თავისთვის მისაღები კანდიდატები“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის თემა ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა 12 რეკომენდაციის შესრულების ნაწილში და ეს თემა მოითხოვს პოლიტიკურ კონსენსუსს.

ნაცვლიშვილის განცხადებით, კონსენსუსის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ ფარული გარიგება დადო რამდენიმე ოპოზიციონერთან.

„სხვა შემთხვევაში რეკომენდაცია შესრულებულად არ ჩაითვლება. ჩვენ ვთავაზობდით მათ ღია მოლაპარაკებებს და პოლიტიკურ კონსენსუსს. „ქართულმა ოცნებამ“ არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან. სამწუხაროდ, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა და დახურულ კარს მიღმა, მალულად, ფარულად გაურიგდა „ქართულ ოცნებას“, რომ იუსტიციის საბჭოში კლანის მფარველობისთვის შეეყვანათ ადამიანები და არა იმისთვის, რომ საჯარო ინტერესი იყოს დაცული სასამართლო სისტემაში. ამიტომ, ეს არ არის პოლიტიკური კონსენსუსი, ეს არის ფარული გარიგება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დადო რამდენიმე ოპოზიციონერთან. ვინაიდან კენჭისყრა რეგლამენტით იყო ფარული, შუა კენჭისყრის დროს, გაცხადდა რა, რომ ეს იყო ფარული, რეგლამენტის და კონსტიტუციის სულისკვეთების და 12 რეკომენდაციის სულისკვეთების საწინააღმდეგო ფარული გარიგება და მოსყიდვა, ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვტოვებდით დარბაზს იმისთვის, რომ გაცხადებულიყო, ვინ გაიყიდა ოპოზიციიდან. მათ შეწყვიტეს კენჭისყრა. შესაბამისად, ნათელია რომ „ქართულ ოცნებას“ 12 რეკომენდაციის შესრულება და პოლიტიკური კონსენსუსის გზით სიარული არ შეუძლია. ისინი გარბიან პოლიტიკური პროცესიდან მათთვის ხელსაყრელი და გასაგებია მხოლოდ ფარული, ბოროტი ზრახვებით ნაკარნახევი გარიგებები, ვაჭრობა და არა პოლიტიკური კონსენსუსი. სამარცხვინოა, რომ ოპოზიციის რამდენიმე წევრი მათ ამ ძალიან ბინძურ თამაშში შეჰყვა. ჩვენ დავტოვეთ დარბაზი და ყველასთვის გასაგები გახდა, ვინ არ მონაწილეობდა ამ პროცესში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად, ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვეს ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე – ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად სულ მცირე 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. საერთო ჯამში, კენჭი უნდა ეყაროს 29 კანდიდატურას. კენჭისყრები ტექნიკური შესვენების შემდეგ განახლდება.