იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებაზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

21
spot_img

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 30 მაისს „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.

მოტივირებული შენიშვნების თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში იქმნება, არ უნდა გაუქმდეს. ამასთანავე, კოდექსში არ უნდა შევიდეს ცვლილება ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმის თაობაზე, რომლის თანახმად, თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში გაზიარებულია 30 მაისს მიღებული ცვლილებებიდან მხოლოდ ერთი პუნქტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობამ ან/და შრომის ანაზღაურებამ არ შეიძლება მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ასეთი პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.

მას შემდეგ, რაც კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა კანონის პირვანდელ რედაქციას.