სებ-ის გადაწყვეტილება მონეტარულ ბაზარზე ვითარების დასტაბილურებას უკავშირდება – ლადო პაპავა

18
spot_img

ეროვნული ბანკის მიზანია, რომ ბაზარზე იყოს სტაბილურობის განცდა და მოლოდინები იყოს ადეკვატური, – ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან აკადემიკოსმა ლადო პაპავამ სებ-ის მიერ მონატარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 8%-ზე დატოვების საკითხის შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ბოლო პერიოდში თანდათან ხდებოდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივ ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირება. დღეს პრაქტიკულად მსოფლიოში არასტაბილური ვითარებაა. განსაკუთრებით საერთაშორისო ფასები სურსათზე იზრდება, თუმცა ნავთობპროდუქტებზე მცირდება.

აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკისთვის სამოქმედო არეალი საკმაოდ ფრთხილია. იმავდროულად, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მაღალია ტემპი საქართველოს ეკონომიკის ზრდის. ეს მაჩვენებელი სადღაც უკვე 6%-ის ფარგლებში იქნება 2024 წელს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ინფლაცია 3,2% – 3%-ის -ის ფარგლებში იქნება, აქედან გამომდინარე ეროვნულმა ბანკმა მიიღო ლოგიკური გადაწყვეტილება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დატოვა უცვლელად 8%-ის დონეზე, რაც ასახავს იმ რეალობას, რაში იმყოფება დღეს საქართველო“, – განაცხადა ლადო პაპავამ.

ამასთან, ლადო პაპავა, სებ-ის გადაწყვეტილებას გარკვეულწილად ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და ლარის კურსის მერყეობას უკავშირებს.

„რა თქმა უნდა ეს კავშირშია, პოლიტიკურად არასტაბილური ვითარება იწვევს ლარის კურსის არასტაბილურობას და მწვავედ აისახება. ამიტომ თუ წინა პერიოდში სებ-ი იღებდა გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივ შემცირებაზე, ახლა მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ დაეტოვებინა უცვლელად. შემდეგი სხდომა დაგეგმილია 31 ივლისს და შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებული იქნება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ლადო პაპავამ.

მისი შეფასებით, სებ-ის მიზანია, რომ ბაზარზე იყოს სტაბილურობის განცდა, მოლოდინები იყოს ადეკვატური.

„რადგან ნებისმიერი პოლიტიკური აქტივიბით გამოწვეული მერყეობა იწვევს უარყოფით გავლენებს და აქედან გამომდინარე სებ-ის გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ მონეტარულ ბაზაზე ვითარება იყოს სტაბილური“, – აღნიშნა ლადო პაპავამ.