უცხოური გამოცემები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტს დადებითად აფასებენ

19
spot_img

მოიგო თურქეთმა, თუმცა, ყველა ქართველი ფეხბურთელების თამაშზე წერს. საქართველომ მარცხი განიცადა, თუმცა თავი გმირულად წარმოაჩინა. დებიუტანტებს თავის მაღლა აწევა მართებთ. მათ ახლა უკვე ნამდვილად იციან, რომ მათი ადგილი ამ სცენაზეა, – ნათქვამია „უეფას“ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

ვილი სანიოლის გუნდმა დაამტკიცა, რომ მისი ადგილი სწორედ ამ დონის ჩემპიონატზეა, – წერს გამოცემა Eurosport-ი და აღნიშნავს, რომ „ქართველების დებიუტი ყველას დიდხანს ემახსოვრება. მარცხის მიუხედავად, მათ მრავალრიცხოვანი დამაიმედებელი მომენტი შექმნეს“.

„საქართველოს მწვრთნელის თქმით, ნაკრები გააკეთებდა ყველაფერს პირველ დიდ შეჯიბრზე, რაც ზუსტად ასე მოხდა თამაშის პირველივე წუთიდან. დორტმუნდის ქულების გარეშე დატოვების მიუხედავად, მომავალ თამაშებზე ბევრი პოზიტივი ელით“, – წერს BBC.

საქართველოს ნაკრების სადებიუტო თამაშს ევრო 2024-ზე დადებითად აფასებენ სხვა გამოცემებიც. New York Times-ი წერს, რომ თურქეთისა და საქართველოს მატჩმა ტურნირი ახალ დონეზე აიყვანა.

მოედანზე აბსოლუტური აჟიოტაჟი იყო. ეს ის გრძნობებია, რომელიც მხოლოდ ფეხბურთს შეუძლია გამოიწვიოს. „ეს არის სპორტი“, – წერს The Guardian-ი.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და მძიმე ბრძოლაში თურქეთთან დამარცხდა. 25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 31-ე წუთზე გაიტანა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 22 ივნისს, ჰამბურგში გამართავენ, სადაც ჩეხეთს დაუპირისპირდებიან.