კობახიძის განცხადება არის მორიგი დეზინფორმაცია. რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს შანსი, გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სამწუხაროდ არის ნულის ტოლფასი, ამისთვის საჭიროა ხელისუფლების ცვლილება, – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტების შეკითხვას ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით.
მისი განცხადებით, მმართველი პარტიის პირობებში ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლა წარმოუდგენელია.
„ეს არის მორიგი ტყუილი და დეზინფორმაცია ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, საქართველოს შანსი, რომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სამწუხაროდ ამ ხელისუფლების პირობებში არის ნულის ტოლფასი, ამიტომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რასაც დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის ძალისხმევით, ჩვენ საერთო ძალებით შევძლებთ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ირაკლი კობახიძის განცხადებას, „ფიცოს ბედის გაზიარებით მუქარის“ შესახებ, ბოდვა და აბსურდი უწოდა.
„ყველას კარგად ესმის, რომ ეს განცხადება იყო სრული ბოდვა, აბსურდი და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დღეს არარელევანტურადაც მიაჩნია პრემიერ-მინისტრს გამოძიების დაწყება. როგორ შეიძლება სიცოცხლის მოსპობის რეალური მუქარის შემთხვევაში, არარელევანტური იყოს გამოძიება, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის ტყუოდა და ცდილობდა, რომ მორიგ ჯერზე დეზინფორმაციით და მანიპულაციით ზემოქმედება მოეხდინა ქართველ ხალხზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.