იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენა და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემა არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებამ წლების განმავლობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, შენარჩუნებაში და შესაბამისად – ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში. პრემიერმა ამისთვის ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენისა და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემისთვის, რაც არის ძალიან დიდი შენაძენი მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელიც 979 წლით თარიღდება და ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი. ამ ქველმოქმედებას ბატონი ბიძინა უკვე მრავალი წელია ეწევა. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ ქველმოქმედებამ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, შენარჩუნებაში და შესაბამისად – ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. საუკუნეების მანძილზე ჩვენს ეროვნულ მუზეუმში დაიდებს ბინას იოანე ზოსიმეს ეს უნიკალური ხელნაწერი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.