ბალდის კანიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებით ეხმიანება

19
spot_img

ბალდის კანიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს დაცული ტერიტორიების სააგენტო ეხმიანება.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამწუხაროდ, გუშინ სოფელ ბალდაში ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დანაშაულის ფაქტს, რომელსაც გმობს როგორც სამინისტრო, ასევე სააგენტო – ძალადობის ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ სამართლებრივი ღონისძიებები მყისიერად გატარდა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბალდის კანიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

ბალდის კანიონის განვითარების პროექტის მიზანია, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით სამეგრელოს რეგიონში დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნა. ამ უნიკალურ კანიონზე, რომლის უდიდესი ნაწილი დღეს ვიზიტორთათვის მიუწვდომელია, შესაძლებელი გახდება უსაფრთხო და კომფორტული მოგზაურობა ქართველი და უცხოელი ვიზიტორებისთვის.

აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე იქონიებს მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას, ისევე, როგორც ეს მოხდა მარტვილის კანიონის და სხვა ბუნების ძეგლების შემთხვევაში, რომელთა განვითარებაზეც წლების განმავლობაში მუშაობს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

სამწუხაროდ, გუშინ სოფელ ბალდაში ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დანაშაულის ფაქტს, რომელსაც გმობს როგორც სამინისტრო, ასევე სააგენტო. ძალადობის ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ მყისიერად გატარდა სამართლებრივი ღონისძიებები.

უნდა აღინიშნოს, რომ ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის განვითარების პროექტს აპროტესტებს ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელთა მხრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების მიმართ ადგილი აქვს დესტრუქციულ ქმედებებს: მათ ჩაშალეს არაერთი შეხვედრა, მათ შორის, ქალაქ მარტვილში საინფორმაციო შეხვედრა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ადგილობრივ მოსახლეობასთან სასაუბროდ იყო ჩასული; გზა გადაუკეტეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების თანამშრომლებს, რომლებიც ბალდის კანიონის მიმდებარედ, მდინარე აბაშის დათევზიანების გეგმურ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ; ადგილზე არ შეუშვეს ბალდის კანიონის ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასების მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის წევრები, რის შედეგად კომისიის წევრებს, შესაბამის ექსპერტებსა და საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა, ადგილზე გასცნობოდნენ არსებულ ვითარებას და შეეფასებინათ პროექტის გარემოზე ზემოქმედება, რაც, თავად საპროტესტო ჯგუფის მიერ იყო მოთხოვნილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო მიუღებლად მიიჩნევს ულტიმატუმების ენით საუბარს და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, სამუშაო ფორმატში შედეგზე ორიენტირებული შეხვედრისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.