საქართველო და სომხეთი დაინტერესებული არიან, რომ დაუახლოვდნენ ევროკავშირს და ერთიან ბაზარს, ვფიქრობ, მსგავსი ინტეგრაცია შესაძლოა, მხოლოდ ერევანსა და ბაქოს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს დოკუმენტი შესაძლებლობას იძლევა, გვქონდეს სავაჭრო გზა, რომელიც ყაზახეთიდან თურქეთში გაივლის და ხმელთაშუა ან შავი ზღვიდან გამოვა. ეს მარშრუტი შეავსებს უკვე არსებულ მარშრუტს, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიიდან საქართველოში, შავ ზღვასთან გადის. ეს ორი მარშრუტი ერთად, ცენტრალური აზიის ქვეყნებს მსოფლიო ბაზარზე რუსეთისა და ჩინეთისგან დამოუკიდებელ წვდომას მისცემს. ამ შესაძლებლობას ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს“, – აღნიშნა ბრაიენმა.
როგორც ო’ბრაიენმა განაცხადა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობა, რადგან რუსეთი დგას ისეთი სირთულეების წინაშე, რომლის წინაშეც მომავალ წელს შესაძლოა, არ იდგეს. მისივე თქმით, ამ შესაძლებლობის ფანჯარაზე მუშაობენ.
„რუსეთს სურს, განაცხადოს, რომ უკრაინაში როდესაც გაიმარჯვებს დაუბრუნდება კავკასიას, მაგრამ რუსეთი ვერ იმარჯვებს უკრაინასთან და არ ბრუნდება კავკასიაში, როგორც ეს დიდი ხნის განმავლობაში იყო. ახლა დროა, სომხეთის მოქალაქეებმა განაცხადონ, რომ მათ გადაწყვიტეს და სურთ სვლა წინ და არა უკან. ახლა არის წინსვლის შესაძლებლობა, რადგან რუსეთი უკრაინაში არის ჩარჩენილი“, – აღნიშნა ბრაიენმა.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ასევე აღნიშნა, რომ აშშ სომხეთთან ურთიერთობას სტრატეგიული პარტნიორის დონემდე აამაღლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სომხეთთან მუშაობას მისი დემოკრატიის, უსაფრთხოების, როგორიცაა პოლიციისა და სასაზღვრო ჯარების, ეკონომიკური დივერსიფიკაციის გასაძლიერებლად.
„სომხეთს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, აწარმოოს გლობალური ვაჭრობა და არ იყოს რუსეთზე დამოკიდებული, ისე, როგორც ახლაა. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა აზერბაიჯანთან, რომლებიც, ასევე მრავალმხრივ ეფექტურები და კონსტრუქციულები არიან. ჩვენ ვითანამშრომლებთ ორივე მხარესთან. მოხარულები ვიქნებით, დავეხმაროთ ფინანსურად ან კომპანიებთან თანამშრომლობით, რათა სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, მათ ისარგებლონ მშვიდობიანი რეგიონის შესაძლებლობით. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერი შესაძლებლობით სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რითაც პარტნიორები ეხმარებიან ერთმანეთს“, – განაცხადა ო’ბრაიენმა.