,,უწყებრივ დონეზე, აშშ-სთან ჩვენი იდეალური ურთიერთობები, პარტნიორობა გრძელდება”- გრიგოლ ლილუაშვილი

18
spot_img

უწყებრივ დონეზე, აშშ-სთან ჩვენი იდეალური ურთიერთობები, პარტნიორობა გრძელდება. ერთი წუთითაც არ გაჩერებულა და უფრო მეტიც, ვგეგმავთ საინტერესო თანამშრომლობის ახალ ეტაპებს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა გრიგოლ ლილუაშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის მხრიდან სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ.

„განცხადების შინაარსი პირდაპირ იყო გადმოცემული, რომ ის იყო კონფიდენციალური. შესაბამისად, ვერც მე და ვერავინ ვერ დაადასტურებს, ვერც უარყოფს, არის თუ არა სიაში. რა თქმა უნდა, ეს სამწუხარო ტენდენცია კვლავ განმეორდა, რაც იყო წინაზე, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებით, მოსამართლეებთან მიმართებით. ეს არ არის ის ტონი, რომლითაც სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყნები ერთმანეთს უნდა ესაუბრონ, თუმცა, იმედს გამოთქვამ, ეს პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა დაიწევს და ისევ ჩვეულებრივ დავუბრუნდებით იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, გავაგრძელებთ ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას, მათ შორის პოლიტიკური კუთხითაც, უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით.

სხვათა შორის, მინდა, გითხრათ, რომ უწყებრივ დონეზე ჩვენი იდეალური ურთიერთობები, პარტნიორობა გრძელდება. ერთი წუთითაც არ გაჩერებულა და უფრო მეტიც, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ურთიერთობა და ვგეგმავთ საინტერესო თანამშრომლობის ახალ ეტაპებს“, – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, პირადად გრიგოლ ლილუაშვილმა მიიღო თუ არა შეტყობინება სანქცირებასთან დაკავშირებით, სუს-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ არაფერი მიუღია.

„არაფერი მიგვიღია. ეს სანქციების თემა უკავშირდება სავიზო შეზღუდვას. მე მაქვს ვიზა და შემიძლია გადაადგილება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა მაინცდამაინც იქ ჩასვლის დროს გაიგოს სანქცირების შესახებ. როდესაც ვიზაზე მიმართავს საელჩოს, იქ გამოჩნდება, მისცემენ თუ არა. მეგობარი ქვეყნების კოლეგა უწყებები არიან თანამშრომლობის იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც ვიმყოფებოდით გამჭვირვალობის კანონის მიღებამდე. ამ თანამშრომლობას და პარტნიორობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. პოლიტიკურ შიგთავსში მე ვერ შევალ“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.