საქართველოს მოსახლეობის 95%-ს უკვე აქვს სავიზო შეზღუდვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ამიტომ რამდენიმე ათეული ადამიანის სანქციის ქვეშ მოქცევა არაფერი პრობლემა არ იქნება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„საქართველოს მოსახლეობის 95%-ს უკვე აქვს სავიზო შეზღუდვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ეს გრძელდება დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან აგერ უკვე 33 წელია. ამიტომ რამდენიმე ათეული ადამიანის და მათი ოჯახის წევრების, მითუმეტეს არ ვიცით მათი სახელები და გვარები, სანქციის ქვეშ მოქცევა არაფერი პრობლემა არ იქნება. ცოტა უცნაურია დაასანქცირო ის სახელმწიფო, რომელსაც მეგობარს ეძახი, სტრატეგიულ პარტნიორს ეძახდი, რომელმაც ჯარისკაცები შესწირა ერაყში, ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად იმისთვის, რომ მსოფლიოში მშვიდობა დამყარებულიყო. სანქციები არანაირ გავლენას არ მოახდენს არც ამერიკასთან, არც ევროკავშირთან და არც სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაზე“ , – აღნიშნა ბოჟაძემ.
წამყვანმა საკრებულოს დეპუტატს ჰკითხა, რა უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პასუხი მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერმა თქვა, რომ გადატვირთვა სჭირდება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს. რამდენად არის ეს შესაძლებელი.
„სრულიად შესაძლებელია [ურთიერთობების გადატვირთვა]. ვფიქრობ კობახიძე- ო ბრაიენის შეხვედრა იყო დასაწყისი იმისსა, რომ ეს ურთიერთობები სულ სხვა დონეზე გადასულიყო. ძალიან სამწუხაროა, რომ მაინც მოუწიათ კონგრესმენებს ისეთი განცხადებების გაკეთება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ. მათ შეეძლოთ ნებისმიერი ინფორმაცია მიეღოთ მათი საელჩოდან, ჩვენი საელჩოდან, სხვა დამოუკიდებელი ღია წყაროებიდან, თუმცა მიიღეს იმ ადამიანისგან და იმ ორგანიზაციიდან, ვისი ფინანსების გამჭვირვალობასაც ვითხოვთ. პირველ რიგში ვგულისხმობ „სოროსის ფონდის“ წარმომადგენლებს. აღარაფერს ვლაპარაკობ შალვა ნათელაშვილზე, ან ქალბატონ საბანაძეზე, რომელიც იცით თქვენ, რომ გახარიას მრჩეველია საგარეო ურთიერთობების საკითხებში. ცოტა უცნაურია ეს გადაწყვეტილება. ასე პარტნიორებს და მეგობრებს არ ექცევიან, თუმცა ეს არ შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებას, არც საგარეო კურსს“, – აღნიშნა ბოჟაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.