მშვიდობა იმის უზრუნველყოფაა, რომ რუსეთი ვეღარასდროს შეძლებს უკრაინის ოკუპირებას და ეს არ ნიშნავს ნატო-ს ნაწილად ყოფნას – ჯო ბაიდენი

40
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობის დამკვიდრება გარანტირებულად ნიშნავს, რომ რუსეთი ვეღარასდროს შეძლებს უკრაინის ოკუპირებას და ამისთვის ნატო-ს წევრობა აუცილებლობას არ წარმოადგენს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „თაიმთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

კითხვაზე, „როგორ გამოიყურება მშვიდობა უკრაინაში“, ბაიდენი პასუხობს: „მშვიდობა იმის უზრუნველყოფაა, რომ რუსეთი ვეღარასდროს, ვეღარასდროს შეძლებს უკრაინის ოკუპირებას. ასე გამოიყურება მშვიდობა. და ეს არ ნიშნავს ნატო-ს, ნატო-ს ნაწილად ყოფნას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ისეთივე ურთიერთობა, როგორც სხვა ქვეყნებთან, სადაც ჩვენ ვაწვდით შეიარაღებას, რათა მათ მომავალში საკუთარი თავის დაცვა შეძლონ. სწორედ მე ვიყავი, ვინც ამბობდა, რომ მზად არ ვარ უკრაინის ნატოიზაციის მხარდასაჭერად“.

ბაიდენი განმარტავს, რომ როდესაც ის სენატორისა და ვიცე-პრეზიდენტის რანგში უკრაინას სტუმრობდა, იქ კორუფცია მაღალ დონეზე იყო და, შესაბამისად, გარემოებაც რთული იყო. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა არ უნდა მისცეს უკრაინას დაცემის საშუალება, რადგან მას მიჰყვება რუსეთის საზღვრის გასწვრივ არსებული სხვა ევროპული ქვეყნებიც. „საქმე ისაა, რომ თუკი ჩვენ უკრაინას დაცემის საშუალებას მივცემთ, ნახავთ, რომ დაეცემა პოლონეთი და ყველა სხვა ქვეყანა რუსეთის საზღვრის გასწვრივ, ბალკანეთიდან ბელარუსამდე“, – აცხადებს ბაიდენი.