დეპუტატებზე, მათ ოჯახის წევრებზე აგრესია წამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტის წევრებმა ის კანონი მიიღეს, რომელიც არის ეროვნული კანონი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
იგი ბოლო პერიოდში განხორციელებულ ბულინგისა და ზეწოლის ფაქტებს გამოეხმაურა.
„ხდება ტელეფონებზე, დეპუტატებზე, მათ ოჯახის წევრებზე ლანძღვა, გინება, მუქარა. ნახეთ წარწერები და ვიდეოები, „84 ტყვია – 84 დეპუტატს კეფაში“ და ასეთი მსგავსი აგრესია წამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ლეგიტიმურად არჩეულმა პარლამენტის წევრებმა ის კანონი მიიღეს, რომელიც არის ეროვნული კანონი. ეს ორგანიზაციებიც, რომელთა წევრებიც 84 ტყვიას ამზადებენ 84 დეპუტატისთვის, ამერიკის დემოკრატიის ფონდიდან და ევროკავშირის დემოკრატიის ფონდიდან ფინანსდებიან. სხვათა შორის ეს, პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთ შეხვედრაზე უთხრა ორივე ფონდის ხელმძღვანელს. სოროსის ფონდიდანაც, სამწუხაროდ, ასევე აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთის საელჩოსაც აქვს ამაში მონაწილეობა მიღებული. არაერთხელ განვაცხადე, მათ შორის, ჩემმა კოლეგებმაც, რომ ასეთი ტიპის ანტიდემოკრატიულ პროცესებს უნდა დაუპირისპირონ სამართლებრივი ძალა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.