ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა.
მსახურება ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ჩაატარა. წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე იაკობმა ქვეყანაში განვითარებული პროცესები შეაფასა.
„ისინი ვინც გამოვიდნენ და ცუდი ისაუბრეს საქართველოზე, ჩემთვის ოკუპანტივით საზიზღრები არიან, კონკრეტულად ის პიროვნებები. ასეთი ადამიანები ტრიბუნასთან კი არ უნდა დააყენო, ქვეყნიდან უნდა გაყარო, ვინც არ უნდა იყოს.
ძალიან ძნელი მოსასმენია, საქართველოში იქნება თუ უცხოეთიდან, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე იძახიან, რუსეთისკენ მიდიან, რუსეთისკენ მიდიან! თვითონ გაიხედონ, სად მიდიან და როგორ მიდიან. ეს ნებისმიერი ქართველის შეურაცხყოფაა. ჩვენ თვითონ ვიბრძოდით, რუსეთთან აფხაზეთში. ვიღაცებს არც უბრძოლიათ ჩემი ქვეყნისთვის, არც ქვეყნის შიგნით, ვინც დღეს საუბრობს და არც ქვეყნის გარედან, ასე უდიერად მოგვიხსენიებდნენ, რომ ოკუპანტის მხარეს ვიყოთ, ეს არის ჩვენი დიდი შეურაცხყოფა. პირველ რიგში, დაგვეხმარეთ, ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენი გვაქვს.
ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც საქართველოში ხალხთან ერთად ვდგავართ. ნუთუ, უფლებას მივცემთ ვინმეს, რომ საქართველო აგარევინოთ და ის ხალხი დასვათ, ვინც ჩვენ არ გვინდა?! ვერ მოესწრებით მაგას ვერავინ! იცოდეთ, რადგან ღმერთი დაგვეხმარება.
აფხაზეთს აუცილებლად დავიბრუნებთ, ცხინვალის რეგიონს აუცილებლად დავიბრუნებთ. კიდევ არის სხვა ტერიტორიები, მასაც დავიბრუნებთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.