ამერიკული ცენტრალური პრესა ყურადღებას უთმობს აკრძალული პროდუქციის რუსეთში შეტანის პრობლემას – ვისი მეშვეობით და როგორი გზებით ხვდება რუსეთში დასავლური წარმოების ის პროდუქცია, რომლებზეც სანქციებია გამოცხადებული.
გთავაზობთ რამდენიმე მასალას.
„გასული წლის აგვისტოში რუსეთის მოქალაქემ, რომელიც აშშ-ში, ფლორიდაში, მაიამის ახლოს ცხოვრობდა, რუსეთის ავიაკომპანიას, რომელსაც სანქციებით აკრძალული ჰქონდა დასავლური ტექნოლოგიებით სარგებლობა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მაცდურ წინადადებიანი წერილი გაუგზავნა – იგი ავიაკომპანიას სთავაზობდა, რომ სანქციების გვერდის ავლით, იმ ავიანაწილებით და ელექტრონიკით მოამარაგებდა, რომელიც მას ესოდენ სჭირდებოდა. პროდუქციის მიწოდების ოპერაცია განხორციელდებოდა რიგი ამერიკული, თურქული და რუსული ფირმების დახმარებით“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სანქციების მიუხედავად, ამერიკულ ტექნოლოგიებს და პროდუქციას რუსული ავიაკომპანიები მაინც იღებენ“ (ავტორები – ანა სვენსონი და ნირაჯ ჩოქში).
ოლეგ ფაცულია და მისი პარტნიორი გასულ კვირაში დააკავეს აშშ-ის საექსპორტო კონტროლის დარღვევისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით. გამოძიების თანახმად, მათ 2022 წლის მაისში დაიწყეს შემუშავება სქემისა, რომლითაც აშშ-ში წარმოებული სათადარიგო ნაწილები საექსპორტო შეზღუდვების გვერდის ავლით უნდა გაგზავნილიყო.
სანქციათა მიუხედავად, შარშან რუსეთში შეტანილ იქნა ათობით მილიონი დოლარის ღირებულების, დასავლეთის წარმოების ნაწილები თვითმფრინავებისთვის – იუწყება გამოცემა The New York Times-ი, რუსეთის საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით.
ამ მონაცემების თანახმად, თვითმფრინავების ნაწილები გაეგზავნათ რუსეთის იმ ავიაკომპანიებს, რომლებსაც სანქციები ეხება, მათ შორის “აეროფლოტს”, “რასიას”, “პაბედას”, „ურალს”, “UTair”-ს და “S7 Airlines”-ს. გამოცემის თანახმად, მიწოდება ხორციელდებოდა ყალბი შუამავალი მყიდველების მეშვეობით – პროდუქციის დიდი ნაწილი იგზავნებოდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, ჩინეთი და მალდივის კუნძულები.
გასულ წელს „აეროფლოტის“ საწყობებში შევიდა სათადარიგო ნაწილების ათობით პარტია, რომელიც მარკირებული იყო როგორც ამერიკული ავიაკონცერნ „ბოინგის“ პროდუქცია.
რუსეთის საბაჟოს მონაცემების გამოკვლევაზე დაყრდნობით ჟურნალისტები წერენ საავიაციო ნაწილების მიწოდების ხუთ ათასზე მეტ შემთხვევაზე, რომლებიც მოიცავს როგორც ჩვეულებრივ ხრახნებს, ისე კომპანია Honeywell-ის საავიაციო ძრავების ამამუშავებელ მოწყობილობებს, რომელიც 290 ათასი დოლარი ღირს.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან და სანქციების დაწესებიდან რუსეთში შეტანილი იქნა 14,4 მილიონი დოლარის ამერიკული წარმოების ავიასათადარიგო ნაწილები, – იუწყება „ნიუ-იორკ თაიმსი“
წყარო