ადამიანები, ვინც ჩვენ გვთხოვდნენ, დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები რუსეთისთვის, გაგვეშვა მოხალისეები და არ გვთავაზობდა უსაფრთხოების გარანტიას (თვითონ რომ ნატო-ს ქოლგის ქვეშ არიან), გვწირავდნენ ეკონომიკური კოლაფსისთვის და დიდი ალბათობით, ომისთვის, ესაა რეალობა – მეგობარი, რომელიც შენ ოჯახში შემოდის და თავის გემოვნებით ავეჯის გადადგმას იწყებს, ეს უკვე მეგობარი აღარაა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს პარტნიორებზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას აღნიშნული მეგობრებისთვის რომ დაეჯერებინა, დღეს საქართველო ეკონომიკურად ჩამონგრეული იქნებოდა“.
„ჩვენ გვჭირდება მეგობრები და არა მიმთითებლები და ადამიანები, რომლებიც ჩვენ მოთხოვნებს წამოგვიყენებენ. მეგობრობა სხვა რამეა – მეგობარი, რომელიც შენს ოჯახში შემოდის, სხვაა და მეგობარი, რომელიც შენ ოჯახში შემოდის და თავის გემოვნებით ავეჯის გადადგმას იწყებს, ეს უკვე მეგობარი აღარაა ამ გაგებით.
ზუსტად იგივე ხალხი გვეუბნებოდა, რომ რუსეთს თუ სანქციებს არ დაუწესებთ, კანდიდატის სტატუსს არ მოგცემთ. ზუსტად იგივე ხალხი, მათ შორის აქ მიტინგზე რომ იდგა, ერთ-ერთი მინისტრი, პირდაპირ გვეუბნებოდა, სააკაშვილს თუ არ გაუშვებთ ციხიდან, ვერ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს, თქვენი ევროპული მომავალი დადგება კითხვის ნიშნი ქვეშ. უნდა დავყოლოდით? „ენჯეოებისთვის“ და ოპოზიციისთვის რომ დაგვეჯერებინა, უნდა გვეთქვა: „რადგან იქიდან გვეუბნებიან, პატარა ხალხი ვართ და როგორ არ უნდა დავუჯეროთ, ჩვენ ვინ გვეკითხება, ისინი დიდები და უფროსები არიან და მათ უნდა დავუჯეროთ“. ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, გაჰყვებოდნენ, სანქციებსაც დააწესებდნენ, მოხალისეებსაც დააორგანიზებდნენ, გაუშვებდნენ უკრაინაში და სააკაშვილსაც გამოუშვებდნენ. საქართველოში რა დატრიალდებოდა, შეგიძლიათ ამაზე დაფიქრდეთ, ეკონომიკურად გაზომილია, რა მოხდებოდა – გვექნებოდა ეკონომიკური კოლაფსი, 10%-იანი ვარდნა, იმ მეგობრების რეკომენდაციები რომ გაგვეთვალისწინებინა, ვინც სანქციების დაწესებას გვთხოვდა, გვირჩევდა და ხანდახან მუქარა ნარევი ტონითაც გვეუბნებოდა. იმ მეგობრებისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს საქართველო ეკონომიკურად ჩამონგრეული იქნებოდა. ასეთი მეგობრის რჩევა გასათვალისწინებელია? ან ასეთი მეგობარი მართლა მეგობარია, როდესაც ასეთ რამეს გეუბნება? რომ დაგვეჯერებინა და სააკაშვილი გამოგვეშვა, რა მოხდებოდა რადიკალიზაციის მხრივ, გასაგებია ხომ?!“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.