ჩვენ თუ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტით ჩასვლა ვაშინგტონში დათქმებით არ არის სწორი დამოკიდებულება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითიც უპასუხა კითხვას, ხომ არ გადაიხედება საქართველოს აშშ-თან პარტნიორული ურთიერთობა აშშ-ის ელჩის განცხადების შემდეგ.
კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის პარტნიორობისა და მეგობრობისთვის, თუმცა ეს პროცესი უნდა იყოს ორმხრივი.
„არავისთან ურთიერთობის გაწყვეტა არ გვინდა, ჩვენ გვინდა სამართლიანი მიდგომები, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ორმაგი სტანდარტი კატეგორიულად მიუღებელია. მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და არა ერთხელ დაგვიდასტურებია, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ იგი ცალმხრივი ვერ იქნება, გვინდა, მეორე მხარისგანაც იგივე დავინახოთ და ვიგრძნოთ. დღეს არავინ ეწევა დასავლეთის დისკრედიტაციას და თუნდაც ამერიკის დისკრედიტაციას ისე, როგორც მსგავსი განცხადებები და ის კონკრეტული სამარცხვინო ევროპარლამენტარები, რა განცხადებებსაც აკეთებენ. ეს ძალიან მძიმეა საზოგადოებისთვის, რადგან ყველა ხედავს ორმაგ სტანდარტს. დღეს ხომ შეუძლებელია, რაღაცა დამალო. როდესაც სხვა ქვეყნისთვის რაღაც მისაღებია და შენ გიკრძალავენ ამას, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. როდესაც თეთრზე გეუბნებიან, შავიაო, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ხალხი სულელი არაა, ყველაფერს ხვდება, აანალიზებს და სწორი დასკვნებიც გამოაქვს.
ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებთ, როდესაც აღნიშნულ კანონპროექტზე ვამბობთ, გვითხარით, რა გვაქვს პრობლემური და არ არის არგუმენტი, რატომ ეწინააღმდეგება ეს კანონი ევროპულ ღირებულებებს. მათ არგუმენტი არ აქვთ. არ უნდათ, მოხდეს გასაჯაროება იმ ფაქტების, თუ ვინ აფინანსებს ექსტრემიზმს, რევოლუციის მცდელობას და დაპირისპირებას. ერთი მხრივ, გვეუბნებიან, შეამცირე პოლარიზაციაო და, მეორე მხრივ, აფინანსებენ პოლარიზაციას ეს ფონდები, რაც არ არის სწორი და ლამაზი. ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველო უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ინტერესი, სუვერენიტეტის გაძლიერება და გარე გავლენის შემცირება. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა ელჩ რობინ დანიგანის განცხადება, სადაც აღნიშნულია : „ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მიწვევაზე“. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც განაცხადეს, რომ „პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე დროებით შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა, დათქმით ვიზიტი არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.