რუსეთ – უკრაინის ომის 443-ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან
ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ამის შესახებ ქალაქის მერი ივან ფედოროვი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
„მელიტოპოლში, ქალაქის ცენტრში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა“, – აცხადებს მერი.
აფეთქების შესახებ ინფორმაცია რუსულმა ძალებმაც დაადასტურეს.
მათი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა შმიდტის ქუჩაზე აფეთქდა და აფეთქების შედეგად მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი ავტომობილები დაზიანდა.
უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ძალების წინააღმდეგ მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ ოპერაციების „ფორმირება“ დაიწყეს. ამის შესახებ CNN-ს ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განუცხადა.
მისი განმარტებით, ბრძოლის ველის ფორმირება მოიცავს დარტყმების განხორციელებას ისეთ სამიზნეებზე, როგორიცაა იარაღის საცავები, სამეთაურო ცენტრები, ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემები, რათა ბრძოლის ველი ძალების წინსვლისთვის მოამზადონ. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, ეს არის სტანდარტული ტაქტიკა, რომელსაც კომბინირებული ოპერაციების წინ ასრულებენ.
ოპერაციების ფორმირების მიზანი ასევე შეიძლება იყოს მტრის დაბნევა.
CNN-ი განმარტავს, რომ როდესაც უკრაინამ გასული ზაფხულის ბოლოს ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში კონტრშეტევა დაიწყო, მას ასევე წინ უძღოდა საჰაერო თავდასხმები ბრძოლის ველის ფორმირებისთვის. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ფორმირების ოპერაციები შეიძლება განხორციელდეს უკრაინის ნებისმიერი დაგეგმილი შეტევის დაწყებამდე მრავალი დღით ადრე.
სამხრეთ აფრიკაში აშშ-ის ელჩმა ქვეყანა რუსეთისთვის იარაღის ფარულად მიწოდებაში დაადანაშაულა.
რუბენ ბრიგეტის განცხადებით, მიაჩნია, რომ რუსულ სატვირთო გემზე, რომელიც დეკემბერში, კეიპტაუნის საზღვაო ბაზაზე ჩადგა, იარაღი და საბრძოლო მასალა დატვირთეს.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ გემზე იარაღი დატვირთეს და სიცოცხლეს დავდებ ამ განცხადების სიზუსტეზე. სამხრეთ აფრიკის მიერ რუსეთის შეიარაღება ფუნდამენტურად მიუღებელია“, – აღნიშნა ელჩმა.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, კირილ რამაფოსას ოფისმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყება.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვედანტ პატელმა მოგვიანებით განაცხადა, რომ გამოძიების დაწყება მისასალმებელია ნაბიჯია.
”ამაში ღრმად შემაშფოთებელი ნაწილი არის სანქცირებული რუსული გემის სამხრეთ აფრიკის საზღვაო პორტში შესვლა”, – განუცხადა ვედანტ პატელმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, აშშ ხმას აიმაღლებს „ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც გადადგამს ნაბიჯებს უკრაინაში რუსეთის უკანონო და სასტიკი ომის მხარდასაჭერად“.
პეკინი რჩება ბრიუსელის მთავარ პარტნიორად, მაგრამ დაკარგა შესაძლებლობა, იყოს შუამავალი რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამიტზე დისკუსიის დროს განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ პეკინს აქვს გავლენა მოსკოვზე და შეუძლია, დაეხმაროს აგრესიის შეჩერებაში, მან უკვე დაკარგა შუამავლის როლი, რადგან მისი „ნეიტრალიტეტი“ უფრო მეტად პრორუსული ორიენტაცია იყო“, – აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ბორელის თქმით, საჭიროა სიფხიზლე, რათა არ უბიძგონ რუსეთს ჩინეთის ხელში მოქცევისკენ.
მანამდე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩინეთის პოზიცია და ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებით არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს შემდგომ ურთიერთობებს პეკინსა და ევროპას შორის.