პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

28
spot_img

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა.

კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ჩამოიწერება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების 2028 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან.

კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან, ხოლო საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით თავისუფლდება ქონების გადასახადისგან, 2030 წლის პირველ იანვრამდე.