“ვიმედოვნებ, ნატო-ს წევრები უკრაინას მალე მიაწვდიან „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს” – ოლაფ შოლცი

39
spot_img

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ნატო-ს წევრები უკრაინას მალე მიაწვდიან „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

„როგორც გავიგეთ, კიდევ შვიდი „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემაა საჭირო, რომელთაგან ერთი ჩვენია. ვიმედოვნებთ, რომ ნატო-ს მასშტაბით კიდევ ექვსი მოიძებნება“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ოლაფ შოლცის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება უკრაინისთვის აუცილებელია, რათა რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმებისგან ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა შეძლოს.

„ჩვენ ვიცით, რომ უკრაინას ახლა ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. მათ სჭირდებათ მკაფიო სიგნალი, რომ ეს გაგრძელდება დიდი ხნის განმავლობაში და მუდმივი სახით. ეს არის ჩვენი ძალისხმევის მიზანიც, რათა უზრუნველვყოთ იარაღის, არტილერიისა და საბრძოლო მასალის საკმარისი რაოდენობით მიწოდება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ამასთან, შოლცის თქმით, გერმანია არის ქვეყანა, რომელმაც „ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“ უკრაინის საჰაერო თავდაცვაში. გერმანიის კანცლერმა ნატო-ს სხვა ქვეყნებს მოუწოდა, გაიმეორონ ბერლინის მაგალითი.