,, სად არის რუსული ჩვენს კანონში, სააკაშვილმა დაამკვიდრა ეს სტანდარტი”- კობახიძე

44
spot_img

სად არის რუსული ჩვენს კანონში, სააკაშვილმა დაამკვიდრა ეს სტანდარტი, რომ შეიძლება საერთოდ არ გქონდეს არგუმენტი, მაგრამ ურცხვად მოიტყუო, ცრუპენტელობა უნდა შევამციროთ ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძის თქმით, არავითარი შინაარსობრივი თანხვედრა არ არსებობს რუსულ და ქართულ კანონებს შორის.

„ეს არ არის რუსული კანონი. არავითარი შინაარსობრივი თანხვედრა არ არის ამ კანონსა და რუსულ კანონს შორის. მათ შორის, შემიძლია, დეტალურად განგიმარტოთ, რა წერია რუსულ კანონში. მაგალითად, რუსეთში რაც მოქმედებს, ამ კანონის საფუძველზე შეიძლება შევიდეს სახელმწიფო კონტროლი, პირდაპირ ჩაჯდეს შესაბამის ორგანიზაციაში და რაღაც თუ არ მოეწონება, შეუძლია, საერთოდ აკრძალოს შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია; გამოიყენება ტერმინი უცხოელი აგენტი. ეს ტერმინი გამოიყენება, მათ შორის ფიზიკური პირების, ადამიანების მიმართ; გამოიყენება ბრენდირების მექანიზმი, რაც ნიშნავს, რომ, მაგალითად, შესაბამისი პირი როცა გამოდის ტელევიზიით, ეთერით, ქვემოთ, ტიტრებში მითითებული უნდა იყოს, რომ ეს ადამიანი, კონკრეტული ფიზიკური პირი არის უცხოელი აგენტი; შესაძლებელია აღიძრას სისხლის სამართლის საქმე შესაბამისი პირის თუ ორგანიზაციის მიმართ. სად არის რუსული ჩვენს კანონში? ამ კანონს რუსულს როცა ეძახით, ეს არის უბრალოდ არა ტყუილი, არამედ ცრუპენტელობა. არავითარი საერთო არ აქვს ამ კანონს რუსულ კანონთან. ეს სააკაშვილმა დაამკვიდრა თავის დროზე ქართულ პოლიტიკაში, მანამდე ასე სამარცხვინოდ არ იტყუებოდნენ არც პოლიტიკოსები და არც ჟურნალისტები. პირადად სააკაშვილმა დაამკვიდრა ეს სტანდარტი, რომ შეიძლება, საერთოდ არ გქონდეს არგუმენტი, მაგრამ ურცხვად მოიტყუო. ცრუპენტელობა არის ერთ-ერთი, რაც უნდა შევამციროთ ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის მედიაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.