“კადრებში ჩანს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს რომ მაკავებდნენ, სალომე ზურაბიშვილი ქოლგას ურტყამს პოლიციელებს”

29
spot_img

მე როცა მაკავებდნენ, სალომე ზურაბიშვილი კადრებში ჩანს, ქოლგას ურტყამს პოლიციელებს, რომლებიც მიჭერდნენ, – ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა.

ხაინდრავას დაკითხვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

მოსამართლეთა კოლეგიამ, როგორც მოწმე ხაინდრავას, ასევე, მხარეებს შეურაცხყოფისგან თავის შეკავებისკენ და კორექტულობისკენ არაერთხელ მოუწოდა.

ხაინდრავამ 2007 წლის აქციის დარბევა და იმჟამინდელი ხელისუფლების საქმიანობა გაიხსენა.

“ყველაზე დიდი ვნებათაღელვა ამ ვაჟბატონის [მიხეილ სააკაშვილის] მეგობრის, კახა ოქრუაშვილის გადაყენებას მოჰყვა. ამის შემდეგ შეიქმნა ოპოზიციის ეროვნული საბჭო, სადაც ლევან გაჩეჩილაძე და მე ვიყავით. ყველა აქცია საქართველოში ჩვენს მიერ იგეგმებოდა და იმართებოდა.

[ოქრუაშვილმა] მსჯავრდებულ სააკაშვილს დაადო ხელი, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა მან შეუკვეთა. ეს ჩვენება აქვს მას მიცემული [ოქრუაშვილს], ის სააკაშვილის უახლოესი მეგობარი იყო. ეს იყო უპრეცედენტო განცხადება, რომელმაც ქართულ საზოგადოებაზე იმოქმედა, ეს იყო ბანდა და ამას ვხედავდი შიგნიდან… იქ ზურაბ ჟვანიას მოთხოვნით მოვხვდი, სააკაშვილს არც ვიცნობდი, თანამდებობას დავთანხმდი. გასაგები გახდა ჩემთვის, რას წარმოადგენდა ეს ჯგუფი.

ეს იყო კრიმინალების ბანდა, ეს არ იყო ხელისუფლება, რომელიც საკუთარი გამორჩენიდან მოქმედებდა და არა სახელმწიფოს ინტერესებიდან… ცხინვალის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა ჰქონდათ, ზურაბ ჟვანიას და ამერიკის ელჩის ჩარევით, ეს აღარ მოხდა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, სააკაშვილმა მას სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში “დასწამა ცილი”.

„ვასილ მაღლაფერიძისგან ვიცი, მაშინ გუბერნატორი იყო, 4 ნოემბერს, ვანო მერაბიშვილთან შედგა შეხვედრა, სადაც ჩვენი დასჯა დაიგეგმა, აღნიშნულში მერაბიშვილი, ადეიშვილი, ძმები ახალაიები, ქარდავა, მონაწილეობდნენ, სადაც პირდაპირ დაიგეგმა ჩვენი, იმ მოქალაქეების დასჯა, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერდნენ…. იქ იყო ჯარი, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყვანილი. იქ ნათელი გახდა, რომ ეს მანქანა არ გაჩერდებოდა, ისე იყვნენ აღგზნებული ეს ალქაჯები…. მის [სააკაშვილის] გვერდით უნდა იჯდეს ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მერაბიშვილი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერავის ვხედავ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ადვოკატის კითხვაზე, მის ბიოგრაფიაში სხვა დროსაც ხომ არ იყო სახელმწიფო გადატრიალების მსგავსი ბრალდება, მაგალითად, ზვიად გადამსახურდიას დროს, ხაინდრავამ ადვოკატებს მიმართა, რომ „რუსეთიდან ისინი არიან და ვინ თანამშრომლობდა რუსეთთან, ეს ფაქტებით ჩანს“.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.