რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქში, ბორისოგლებსკის საწვრთნელ საავიაციო ცენტრს, 9 აპრილის ღამეს, ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, – ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.
ამასთან, უკრაინული მედია ქვეყნის მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოპერაცია იყო.
„ტელეგრამ“ არხების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სასწავლო ცენტრის ფასადი და მინა. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ არის.
დრონით თავდასხმას რუსული მხარეც ადასტურებს, თუმცა ვორონეჟის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის მტკიცებით, დრონები რუსეთის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.
უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინფორმაცია რუსეთის საჰაერო თავდაცვის მიერ დრონების ჩამოგდების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.