ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ძლიერი და უსაფრთხო ევროკავშირის ასაშენებლად. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
მიშელის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, თუმცა მეტია გასაკეთებელი. შარლ მიშელის განმარტებით, მოახდენენ ყველა შესაძლო რესურსის მობილიზებას – ფინანსურის, სამხედრო აღჭურვილობისა და პოლიტიკური მხარდაჭერის.
„ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო, ისტორიული არჩევანი, როდესაც მივიღეთ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება. რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილება უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის კუთხით. ეს საკმარისი არ არის. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის სფეროში“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.
აღნიშნული განცხადება მიშელმა ვილნიუსში გააკეთა. ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და სხვა ევროპელ ლიდერებს უმასპინძლა. მოგვიანებით კი, გიტანას ნაუსედამ და შარლ მიშელმა მოლაპარაკებები გამართეს ჩეხეთის, ბულგარეთის, შვედეთისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებთან.