ენდერული კვოტირება გარკვეული დროებითი პოზიტიური ღონისძიებაა ქვეყნის განვითარების რაღაც ეტაპზე, ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩვენ განვითარების იმ ეტაპზე არ ვართ, რომ ეს კარგად გავიაზროთ, ძალიან ცდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მთავარი საფუძველი „გირჩის“ ინიციატივაზე დათანხმების იყო ის, რომ ქალები საქართველოს პარლამენტში ამიერიდან, განსაკუთრებით მომავალი დროიდან, უნდა მოხვდნენ დამსახურების, პროფესიონალიზმის და არა კვოტირების მიხედვით.
„დიახ, ჩვენ მართლები ვიყავით მაშინ, როდესაც კვოტირებაზე ვსაუბრობდით და ვამბობდით, რომ ეს ქალების როლის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. დიახ, დროის გარკვეულ მონაკვეთში ეს ყველა ქვეყანას დასჭირდა და ასე მოიქცა საქართველოც. დღეს ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ – ქალთა უფლებები, მათი ჩართულობა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ნამდვილად იმ დონეზეა, რომ თავისუფლად შეგვიძლია ნებისმიერი პარტიის ინიციატივას დავეთანხმოთ, რომ მათი აქტიურობის, აქტუალობის, ჩართულობის ხარისხის, შრომისუნარიანობის – ისინი უფრო აქტიურები არიან რიგ შემთხვევაში, ვიდრე ბევრი მამაკაცი. მომავალ პარლამენტშიც და თვითმმართველობის ორგანოებშიც, ყველა მათგანს თავისი ადგილი ექნება დამსახურების, პროფესიონალიზმის და არა კვოტირების მიხედვით. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ საკითხს მხარს დავუჭერთ. „გირჩთან“ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ობიექტური კრიტერიუმებიდან და არა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი მხარს დაუჭერენ ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს. მოლაპარაკების პროცესში მათი დაპირება იყო, რომ თუ ჩვენ, უმრავლესობა, მათ ამ ინიციატივას გავატანინებთ, ისინი მხარს დაუჭერენ ობიექტური კრიტერიუმებიდან გამომდინარე ცესკო-ს თავმჯდომარეს და წევრებს. პირადად მე მქონდა შეხვედრა და მითხრეს, რომ წინა შემთხვევაშიც ასე გააკეთეს და ახლაც ასე მოიქცევიან. ვფიქრობ, როდესაც წარმოადგენენ კანდიდატებს, ჩვენ ობიექტურად შევაფასებთ და ისინიც მხარს დაუჭერენ და თუ არა, მათ გარკვეული არგუმენტებიც ექნებათ“, – განაცხადა მდინარაძემ.
„გირჩში“ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას მხარს თუ დაუჭერს, „გირჩი“ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს მხარს. „გირჩის“ მიერ ინიცირებულ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
უმრავლესობა ეთანხმება კვოტირებაზე „გირჩის“ ინიციატივას და ელოდება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხს „გირჩი“ პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის არ გამოიყენებს.