“ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ” – კახა კალაძე

22
spot_img

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატება საერთო ძალისხმევის შედეგია.

კახა კალაძე მავნებლური უწოდა ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვება ფეხბურთელების დამსახურებაა და არა ფეხბურთის ფედერაციის.

„აქედანაც კარგად ჩანს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. დარწმუნებული ვარ, მათ ნამდვილად არ გაუხარდათ ეროვნული ნაკრების გამარჯვება და წინსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ფეხბურთელების დამსახურება. თუმცა, მხოლოდ ისინი ვერაფერს გააკეთებდნენ, ერთიანი გუნდი რომ არ იყოს. ფეხბურთში მთელი ჩემი ცხოვრება მაქვს გატარებული და ძალიან კარგად ვიცი, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ფეხბურთელმა, რომელიც ჩამოდის ეროვნულ ნაკრებში, იფიქროს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, როგორ ითამაშოს საუკეთესოდ მინდორზე. ამისთვის მთლიანად ხელისუფლება და ზოგადად ფედერაცია არის ერთ-ერთი ორგანო, რომელიც ამ ყველაფერს კურირებს. ხელისუფლებამ ამ წლების განმავლობაში, მოახერხა ის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა. ამას უდიდესი გავლენა აქვს ყველაფერზე, მათ შორის სპორტზეც. ნახეთ, ბოლო წლებში სპორტში რამდენი გამარჯვება, წარმატება და მედალი გვაქვს. ეს იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ატარებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ჩარტერული რეისით ჩამოაფრინა, რომ გუნდთან ერთად დროულად მომზადებულიყვნენ. ასეთ დამოკიდებულებებს კი, მოაქვს შედეგი.

„ფედერაცია ყველა პირობას ქმნის ფეხბურთის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის – ინფრასტრუქტურის მოწყობა, ახალი მოედნები, ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და ა.შ. არ ვიცი, საერთოდ ვინ არის ეს ადამიანი, რა შეხება აქვს ფეხბურთთან ან იცის თუ არა, რა არის ფეხბურთი. მინდა, ვუთხრა მას, რომ ყველა ამ დეტალს მნიშვნელობა აქვს. საზოგადოებამ არ იცის და ვიტყვი, იყო რამდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც თავის კლუბში ცოტა გვიან ჰქონდა თამაში. იმისთვის, რომ ისინი სწრაფად ჩამოსულიყვნენ და სანაკრებო თამაშებისთვის მომზადებულიყვნენ, ფედერაციამ ჩარტერით ჩამოაფრინა. ეს დამოკიდებულება არსებობს ფედერაციის მხრიდან და სწორედ ამ ყველაფერს მოაქვს შედეგი. გულშემატკივრებს მივმართავ – არ მიაქციოთ ასეთ ბოროტ ადამიანებს ყურადღება. კანდიდატის სტატუსი რომ მივიღეთ, ხომ გახსოვთ მათი სახეები? ახლაც იმავე დღეში არიან. მათ არცერთი გაუხარდათ და არც – მეორე. საქართველო კიდევ ბევრჯერ იზეიმებს და ჩვენი ერთობით, ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებასაც მალე მიაღწევს“, – აღნიშნა კახა კალაძემ