„ინდოეთი, საქართველო და სომხეთი: კავშირები წარსულში და თანამედროვე გეოპოლიტიკა“ – რას წერს „ინდიან დეფენს რევიუ“

81
spot_img

ინდური სამხედრო ჟურნალი „ინდიან დეფენს რევიუ“ (Indian Defense Review – IDR) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ინდოეთი, საქართველო და სომხეთი: კავშირები წარსულში და თანამედროვე გეოპოლიტიკა“ (ავტორი – არუნანშ გოსვამი).

პუბლიკაციაში განხილულია ინდოეთ-საქართველო-სომხეთის კავშირები მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში: ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის მიერ ინდოეთში მცხოვრები სომეხი ვაჭრის აღა-შამირისათვის (ქართული წყაროებით – იაკობ შახრიმიანი, სომხური წყაროებით – შამირ სოოლტანუმიან-შამირიანი) თავადიშვილობის მინიჭება და მისთვის ლორეში მამულის დამტკიცება. როგორც ირკვევა, იაკობ შახრიმიანს ინდოეთის მფლობელი ინგლისის მთავრობისათვის უთხოვია საქართველოს მფარველობა და გარკვეული დეკლარაციაც წარუდგენია. ერეკლეს მეორეს ბრძანებით, ინდოეთში გაიგზავნა თბილისელი აზნაური რაფიელ დანიბეგაშვილი…

ისტორიული კავშირები…

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ქალაქი ჩანაი, რომელსაც ადრე მადრასი ერქვა. აქ, ქალაქის სომხურ სასაფლაოზე განისვენებს ვაჭარი-მილიონერი აღა შამირი (სომხურად – შამირ სოლტანუმიან-შამირიანი, ქართულად – იაკობ შახრიმიანი), რომელმაც მე-18 საუკუნეში დიდი როლი შეასრულა ინდოეთის, საქართველოსა და სომხეთის ერთმანეთთან დაკავშირებაში. თავისი სიმდიდრით ის არამარტო ეხმარებოდა ინდოეთის კარნატიკის რეგიონის იმდროინდელ მმართველს, არამედ საქართველოს მეფეს ერეკლე მეორესაც კი, რომელმაც თავის მხრივ, აღა შამირს და მისი ოჯახის წევრებს თავადიშვილობის წყალობის სიგელი უბოძა (სტატიაში ციტირებულია ერეკლე მეორის ბრძანების ტექსტი) და ქართველ მოგზაურს რაფიელ დანიბეგაშვილს ინდოეთში გაატანა. სამწუხაროდ, რაფიელი იმ დროს ჩავიდა ინდოეთში (1795 წელს), როცა აღა შამირი უკვე ერთი წლის გარდაცვლილი იყო, თუმცა სიგელი მის მემკვიდრეს დაუტოვა. მოგვიანებით რაფიელ დანიბეგაშვილმა ინდოეთში მოგზაურობის შესახებ წიგნიც გამოსცა. იაკობ შახრიმიანის გარდაცვალების 100 წლისთავი 1894 წელს თბილისში სომეხმა ჟურნალისტებმა აღნიშნეს.
… და თანამედროვე გეოპოლიტიკა დიახ, ინდოელ-სომეხ-ქართველმა თავადმა ნამდვილად განამტკიცა სამი ხალხის მეგობრობა, მაგრამ ეს მაინც უკვე ისტორიას მიეკუთვნება. ალბათ, საინტერესოა, როგორია დღევანდელი პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობა ინდოეთს, საქართველოსა და სომხეთს შორის?

ინდოეთს არ აქვს მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში, მაგრამ ინდოეთის ელჩი სომხეთში (რეზიდენციით ერევანში) იმავდროულად აკრედიტებულია საქართველოშიც. ინდოეთის ურთიერთობა ორივე სახელმწიფოსთან მეგობრულია. ბოლო წლების განმავლობაში ინდოეთის გეოპოლიტიკური გავლენა სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ინდოეთი მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანას წარმოადგენს, ეკონომიკის მოცულობით მსოფლიოში მეხუთე ადგილი უკავია, ჰყავს სიდიდით მეორე არმია მსოფლიოში, ხოლო დემოკრატიის მხრივ – მსოფლიოში უდიდესი დემოკრატიული მმართველობის სისტემა აქვს. და ბოლოს, ინდოეთი ბირთვული სახელმწიფოა.

როგორც მაიკლ რუბინი – American Enterprise Institute-ს მეცნიერ-თანამშრომელი წერს, „ინდოეთი აჩვენებს, რომ კავკასიური დიპლომატია მხოლოდ რუსეთის, თურქეთისა და ირანისთვის არ არის განკუთვნილი. შეიძლება ითქვას, არჩევანი რუსეთს, თურქეთს და ირანს შორის ემსგავსება არჩევანის გაკეთებას ინფარქტს, ინსულტს და კიბოს შორის. სიტუაცია კავკასიაში იცვლება. ინდოეთს შეუძლია კავკასიური დემოკრატიის მოკავშირე იყოს“.

ნიუ-დელი მზად არის კავშირების გასაღრმავებლად სომხეთთან და საქართველოსთან, მაგრამ არსებობს პრობლემები. ერთი მხრივ, ინდოეთის ახლო თანამშრომლობა რუსეთთან ნიუ-დელის კავკასიელი მეგობრების შეშფოთებას იწვევს, მაგრამ მეორე მხრივ, მოსკოვთან მეგობრობა ინდოეთისათვის ტრადიციულია. მაშ როგორ შეუძლია ინდოეთს თავისი სამი მეგობრის „გაბედნიერება“? პასუხი ასე შეიძლება გამოიხატოს: ინდოეთმა თავისი გავლენა უნდა გამოიყენოს და უნდა შეეცადოს, რომ ხელი შეუწყოს და გააუმჯობესოს რუსეთის ურთიერთობა საქართველოსთან და სომხეთთან.

საქართველოც და სომხეთის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს წარმოადგენენ და რუსეთთან ისტორიული კავშირები აქვთ, თუმცა ამჟამად მათ რუსეთი გეოპოლიტიკური მიზეზების გამო არ მოსწონთ.

საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს რუსეთთან – იმის გამო, რომ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შედეგად კრემლმა მისი სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირება განახორციელა (ქართული ვერსიის თანახმად). და მაინც საქართველოს დღევანდელი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მთავრობა მოსკოვთან მიმართებით პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს.

სომხეთი, რომელსაც უფრო მეტი მჭიდრო კავშირები ჰქონდა რუსეთთან, ვიდრე საქართველოს, ნელ-ნელა უახლოვდება „დასავლურ ბლოკს“, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი არ დაეხმარა ერევანს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს და არაფერი გაუკეთებია სომხეთის ინტერესების დასაცავად.

ინდოეთის ინტერესებში შედის მეგობრული დამოკიდებულების განმტკიცება ამ ორივე სახელმწიფოსთან. ამ მიზნით ნიუ-დელი ცდილობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით ისარგებლოს.
რატომაა აუცილებელი სამივე ქვეყნის ერთად მუშაობა
საქართველო და სომხეთი მართლმადიდებელი ქრისტიანული ქვეყნები არიან, რომლებსაც დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ორი მუსლიმანური სახელმწიფო – თურქეთი და აზერბაიჯანი ესაზღვრებათ. თურქული საფრთხე არამარტო საქართველოს და სომხეთს ემუქრება, არამედ ინდოეთსაც – იმიტომ, რომ მეზობელი პაკისტანი, უპასუხისმგებლო ბირთვული სახელმწიფო, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოკავშირეს წარმოადგენს. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როცა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი [ნებით თუ უნებლიედ], საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უპირისპირდება: 2016 წლის ოქტომბერში, როცა თურქი ლიდერი რიზეში – საქართველოდან 100 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში – სიტყვით გამოდიოდა, მან განაცხადა: „ჩვენი ფიზიკური საზღვრები განსხვავდება ჩვენი გულის საზღვრებისაგან… განა შეიძლება რიზესა და ბათუმის ერთმანეთისაგან დაშორება?“. [ბათუმი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს და აჭარის ავტონომიის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს].

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მთავრობა მუდმივად აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველო სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და, შესაძლოა, რეჯეფ ერდოღანის განცხადება არასწორად იქნა აღქმული, თურქი ლიდერის სიტყვები მაინც იწვევს ქართველების შეშფოთებას: ისინი მტკიცედ არიან დარწმუნებულნი, რომ აჭარა საქართველოს კუთვნილ რეგიონს წარმოადგენს.

რეჯეფ ერდოღანი ღიად უარყოფს სომხების გენოციდის ფაქტს და მხარს უჭერს აზერბაიჯანს. ანკარა მნიშვნელოვნად დაეხმარა ბაქოს, როცა აზერბაიჯანი ყარაბაღში სომხეთს ეომებოდა. ბაქოში გამართულ სამხედრო აღლუმზე რეჯეფ ერდოღანმა ასე განაცხადა: „დღეს ნური-ფაშასა და ენვერ-ფაშას, ასევე კავკასიის არმიის მამაცი ჯარისკაცების სულები ბედნიერები არიან“. გენერლები ნური-ფაშა და ენვერ-ფაშა ცნობილნი არიან სომეხთა მასობრივი მკვლელობებით.

რეჯეფ ერდოღანმა თავის გამოსვლაში ასევე შეადარა ერთმანეთს ჩანაკალე და ქაშმირი და მხარი დაუჭირა პაკისტანს ქიშმირის ინდური ნაწილის კუთვნილებაში – მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის დახმარებით მუსლიმანი ტერორისტები ინდუს ქაშმირელებს ხოცავენ.
თურქეთის, აზერბაიჯანისა და პაკისტანის ურთიერთკავშირი შეშფოთებას იწვევს არამარტო ინდოეთში და სომხეთში, არამედ გარკვეულწილად საქართველოშიც.

დემოკრატიული ინდოეთი მხარს უჭერს სომხეთის გეგმებს შავი ზღვისა და სპარსეთის ყურეს შორის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე (ირანის გავლით), რომელიც საშუალებას მისცემს ინდოელ ბიზნესმენებს თავიანთი პროდუქცია გაიტანონ სომხეთში, საქართველოში, ევროპაში და რუსეთში. ამ დერეფანს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ დერეფანს, რომლის მონაწილე აზერბაიჯანია.

ათასობით ინდოელი სტუდენტი სწავლობს სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, განსაკუთრებით სამედიცინო პროფილით. ეს ნიშნავს, რომ ინდოელ ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ამ ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაში. ინდოეთი ქართული და სომხური პროდუქციის გასაღების უზარმაზარ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ორივე სახელმწიფოს ინვესტიციები საკმაოდ დიდი მოცულობისაა, განსაკუთრებით კვების სფეროში. „ქართული პიცა“ (აჭარული და იმერული ხაჭაპური), ასევე „სომხური ლავაში“ დიდი მოწონებით სარგებლობენ ნიუ-დელის, მუმბაისა და ინდოეთის სხვა ქალაქების რესტორნებში.

ინდოელები – საშუალო კლასის წარმომადგენლები – სულ უფრო მეტად აქტიურობენ ახალი ქვეყნების გაცნობაში. მათთვის სომხეთი და საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებსაც ინდოელი ტურისტები საუკეთესოდ თვლიან. ნიუ-დელსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისები უკვე ხორციელდება, მალე დაიწყება ერევანთანაც. ამ მხრივ სამივე სახელმწიფოს ცა ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობისთვის უსაზღვრო სივრცეს წარმოადგენს.

წყარო