ყველაფერი, რაც აგვისტოს ომს უკავშირდება, არის უმძიმესი დანაშაული, სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო აქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა პარლამენტში განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად აუცილებლად უნდა გასამართლდეს.
„კოლეგებო, ჩემი დღევანდელი გამოსვლა ერთი ციტატით მინდა დავიწყო: „განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისთვის, რომ აგვეღო, კონტროლქვეშ აგვეყვანა ცხინვალი და სამხრეთ ოსეთის ის ადგილები, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით? ადრეც ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“! – ეს სიტყვები ყოფილ პრეზიდენტს და ყოფილ მთავარსარდალს, მიხეილ სააკაშვილის ეკუთვნის. მან ეს თქვა არა პატიმრობის დროს, როცა მას, როგორც მისი თანაგუნდელები ამბობენ, დემენციამ გონება დაუბნელა; ეს არც აგვისტოს ომის დღეებში, ცხელ გულზე გაკეთებული წამოცდენაა. სააკაშვილმა ეს სიტყვები წარმოთქვა ომიდან 3 თვეში, 2008 წლის ნოემბერში, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ანუ, სააკაშვილმა ღია ტექსტით თქვა, რომ მან დაიწყო სამხედრო მოქმედებები, რათა კონტროლქვეშ აეყვანა ცხინვალი და სამხრეთ ოსეთის სხვა ადგილები. ეს რომ არ იყო შემთხვევითი წამოცდენა, ამას მოწმობს სააკაშვილის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების ანალოგიური განცხადებებიც და რაც მთავარია, ევროსაბჭოს 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუცია, რომელსაც ხმა მისცეს საქართველოს პარლამენტის „ნაციონალმა“ წევრებმა.
რეზოლუციის თანახმად: საქართველომ გაუფრთხილებლად დაიწყო ცხინვალის დაბომბვა, რითაც კონფლიქტი სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადაიყვანა; საქართველომ გამოიყენა მძიმე არტილერია და კასეტური ბომბები, რითაც საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას; საქართველომ დაარღვია მის მიერ აღებული ვალდებულება, რომ კონფლიქტს მშვიდობიანი გზით მოაგვარებდა. ყოველივე ზემოთქმულს ერთადერთი სახელი აქვს – ეს არის სამშობლოს ღალატი. ცხადია, არ იყო შემთხვევითი, რომ სწორედ აგვისტოს ომის ცხელ დღეებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიცალა და სს კოდექსიდან ამოიღო სახელმწიფოს ღალატის მუხლი.
მაინც რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს ქვეყნის ამ აშკარად შეგნებულ მტრობას?
თუ სააკაშვილი და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნები იტყუებიან და საქართველოს და ქართულ ჯარს აბრალებენ იმას, რაც არ მომხდარა, ამას სამშობლოს ღალატის გარდა ვერაფერს დავარქმევთ. ხოლო თუ სიმართლეს ამბობენ, ესეც, ცხადია, სამშობლოს ღალატია, გამიზნული და შეგნებული ღალატი, რომლის შედეგი იმთავითვე ცხადი იყო. შედეგი კი იყო საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, ასობით მოკლული სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე, 30 000-ზე მეტი დევნილი, განადგურებული ქალაქები და სოფლები, აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაბრუნებული რუსული სამხედრო ბაზები. და თუ ასეა, ძნელია, არ დავეთანხმოთ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც 2014 წელს განაცხადა, რომ სააკაშვილმა, ამ ომის დაწყებით, „გამოიწვია რუსეთის მოსალოდნელი (და წინასწარ გამოცხადებული) სამხედრო რეაქცია …. მიაღწია მოსალოდნელ დამარცხებას და ტერიტორიების “გეგმურ” დაკარგვას…“
რა თქმა უნდა, არც ის არის შემთხვევითი, რომ აგვისტოს ომის დღეების არქივი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათმა ლიდერმა ყველა ტელევიზიიდან და საჯარო სივრციდან გააქრო. ცდილობდნენ, თავისი ღალატის კვალის წაეშალათ, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში ასეთ ფაქტებს უკვალოდ ვერ გააქრობ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე, არის უმძიმესი დანაშაული, სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო აქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ. სანამ ეს არ მოხდება, მანამ შეუძლებელია, შერიგებაზე ველაპარაკოთ აფხაზებსა და ოსებს და ძალიან ძნელია, გადავდგათ რეალური ნაბიჯები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ.
როგორც რომაელი სენატორი კატონ უფროსი იტყოდა, „კართაგენი უნდა დაინგრეს“, „ნაციონალური მოძრაობა“ კი უნდა გასამართლდეს და გასამართლდება კიდეც!“, – განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.