უკრაინის მიერ განხორციელებული დაბომბვის შემდეგ რუსეთის ბელგოროდის ოლქის გრაივორონის რაიონის ცამეტი დასახლება, მათ შორის ქალაქი გრაივორონი, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, რაიონში ვითარება კვლავ დაძაბულია, – ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
გუშინ გუბერნატორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გრაივორონის რაიონში ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები გრძელდება. ამჟამად ელექტროენერგია 13 დასახლებას არ მიეწოდება.
„გრაივორონის რაიონში ვითარება კვლავ დაძაბულია. დღეს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 13 დასახლება, მათ შორის ქალაქი გრაივორონი. ჩემი მოადგილე სერგეი დოვგოლიუკი უკვე მეორე დღეა გრაივორონში მუშაობს. ის ენერგეტიკოსებთან ერთად ცდილობს, აღადგინოს ელექტრომომარაგება. იმედი მაქვს, რომ სამუშაოები დასრულდება“, – განაცხადა გლადკოვმა.
მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გრაივორონის რაიონის დასახლებები უკრაინის მხრიდან მასიური დაბომბვის ქვეშ არიან.
გუბერნატორის ინფორმაციით, გუშინ რაიონში დაბომბვისას ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
ცნობისთვის, ქალაქი გრაივორონი უკრაინის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს, მისი მოსახლეობის რაოდენობა 6 000-ს აჭარბებს.