“პუტინის დავალებით, ივანიშვილის რეჟიმს სააკაშვილი, პოლიტპატიმრის სტატუსით, არაადამიანურ პირობებში ჰყავს” – ლევან ბეჟაშვილი

39
spot_img

დასავლელმა და ევროპელმა პარტნიორებმა კარგად იციან, რა სასამართლო სისტემა აქვს დღეს ქვეყანას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დღეს არის სასამართლო სისტემა, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება.

„ჩვენმა დასავლელმა და ევროპელმა პარტნიორებმა კარგად იციან, რა სასამართლო სისტემა აქვს დღეს ქვეყანას – სასამართლო სისტემა, რომელსაც კლანი მართავს, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება და სადაც გვყავს საერთაშორისო სანქცირებული მოსამართლეები. ამიტომ, ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანი არის, ვკონცენტრირდეთ არა სასამართლო სისტემის შეფასებაზე, არამედ სასამართლო სისტემის შეცვლაზე. დავით არახამიას განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, ის, იმავდროულად ,იმეორებს იმ პათოსს, რომელიც არის ევროსაბჭოს რეზოლუციაში. ევროპული სტრუქტურების ეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოები საუბრობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პატიმარი. სწორედ პუტინის დავალებით, ივანიშვილის რეჟიმი მას ამყოფებს პოლიტპატიმრის სტატუსით და არაადამიანურ პირობებში. ეს განცხადებაც ამის დასტურია. ეს განცხადებები და რეზოლუციები არ მიიღება ჭორების საფუძველზე, რეზოლუციების უკან დგას შესაბამისი ანალიტიკური, სადაზვერვო ინფორმაცია, როგორც ეს არახამიას განცხადებაშია. ამიტომ, ეს მოცემულობა უნდა გავითვალისწინოთ ქართულმა საზოგადოებამ. ისტორიული სირცხვილია, რომ დღეს, თანამედროვე საქართველოში პუტინს ჰყავს პირადი პატიმარი მიხეილ სააკაშვილის სახით და საზოგადოებისთვის ეს აღშფოთების საფუძველი უნდა იყოს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.