“უკრაინა რუსეთთან ომს ვერ მოიგებს“ – რას წერს „ვაშინგტონ თაიმსი“

40
spot_img

აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ თაიმსში“ (The Washington Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინა რუსეთთან ომს ვერ მოიგებს“: უნგრელი მინისტრი თვლის, რომ კიევმა მოსკოვთან აუცილებლად უნდა მოილაპარაკოს“ (ავტორები – გაი ტეილორი და ბენ ვოლფგანგი).

მასალაში მიმოხილულია უნგრეთის ურთიერთობა აშშ-სთან, ნატოსთან და უკრაინასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან პეტერ სიარტოსთან საუბრის საფუძველზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თუ მხოლოდ ციფრებით ვიმსჯელებთ, ნატოს სამხედრო ალიანსი დღეს ისე ძლიერია, როგორც არასოდეს. ბოლო ორ წელიწადში, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, ბლოკს მიუერთდნენ ფინეთი და შვედეთი, თავდაცვის ხარჯებმა მოიმატა, ლიდერები კი ამაყობენ ალიანსის მტკიცე ერთიანობით და მიზანმიმართულობით. მაგრამ ზედაპირული ლამაზი ფასადის მიღმა, წევრ-სახელმწიფოებს შორის მიმალულია ისეთი ღრმა უთანხმოება საკვანძო საკითხებზე, რომელიც თანდათან ფართოვდება – მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის სამომავლო პერსპექტივაზე. უთანხმოება ალიანსში უკრაინის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა ერთადერთია ნატოს წევრებს შორის, რომელმაც უარი განაცხადა კიევისათვის იარაღის მიწოდებაზე. ბუდაპეშტს მიაჩნია, რომ იარაღის მიცემა მხოლოდ გააჭიანურებს იმ ომს, რომლის მოგება არცერთ მხარეს არ ძალუძს. უნგრეთის კონსერვატიული მთავრობა პრემიერ ვიქტორ ორბანის მეთაურობით განცალკევებით დგას ნატოსა და ევროკავშირის წევრებს შორის არა მხოლოდ თავისი საშინაო პოლიტიკით, არამედ საგარეო კურსითაც. პეტერ სიარტო დარწმუნებულია, რომ ზოგიერთ საკითხის მიმართ ბუდაპეშტი სიტუაციის ობიექტური, ფრთხილი და საღი შეფასებების დემონსტრირებას ახდენს, მაგრამ მოკავშირეები უნგრეთის პოზიციას არ იზიარებენ. „ჩვენ პრაქტიკულად დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთზე სამხედრო გამარჯვების მოპოვებას – იმიტომ, რომ მოსკოვს მეტი რესურსები აქვს, კრემლს ძალების მოკრება, განახლება და შეტევა შეუძლია“, – ამბობს პეტერ სიარტო „ვაშინგტონ თაიმსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში, – მაგრამ იმავდროულად არც რუსეთს არ შეუძლია დასავლეთის წინააღმდეგ გამარჯვება.

აქედან გამომდინარე, რადგან არცერთ მხარეს ერთმანეთზე გამარჯვება არ შეუძლიათ, ეს დაპირისპირება მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს. საკითხი მხოლოდ იმაშია, როდის დაიწყება დიალოგი – ადრე თუ გვიან? რაც უფრო ადრე დაიწყება, მით უფრო მეტი სიცოცხლე გადარჩება“. „ჩვენ ნატოს ერთადერთი წევრი ვართ, რომელიც უკრაინას იარაღს არ აწვდის – იმიტომ, რომ ვაცნობიერებთ: რაც უფრო მეტი იარაღი ექნება უკრაინას, მით უფრო მეტ ხანს გაგრძელდება საომარი მოქმედებები და მით მეტი ადამიანი დაიღუპება, – განაცხადა მინისტრმა, – „მე ვთვლი, რომ ძალისხმევა მშვიდობის მისაღწევად უნდა მივმართოთ და არა ომის ესკალაციისაკენ“.

ატლანტიკის ჩვენს, ამერიკულ ნაპირზე უნგრელი საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას აქაური კონსერვატორებიც იზიარებენ. აშშ-ში ბევრი რესპუბლიკელი თვლის, რომ უკრაინისადმი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა, მშვიდობის დამყარების მკაფიო გეგმის გარეშე, წინდაუხედავი და საფრთხის მომტანი იქნება. ორშაბათს სენატში გამართული მოსმენების დროს გლობალური საფრთხეების საკითხებზე ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელებმა უნგრეთის თვალსაზრისი მეტწილად უარყვეს. ასე, მაგალითად, მათ განაცხადეს, რომ მართალია, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში ბრძოლის ველზე ინიციატივა დაიბრუნა, მაგრამ უკრაინის თავდაცვის გარღვევა მოსკოვს არ შეუძლია. გასულ კვირას პეტერ სიარტო და ვიქტორ ორბანი აშშ-ში ვიზიტის დროს ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდნენ, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წამყვანი კანდიდატია საპრეზიდენტო არჩევნებში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უნგრეთს ძალიან კარგი ურთიერთობები ჰქონდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან 2017-2020 წლებში. პეტერ სიარტოს თქმით, ოფიციალური შეხვედრები არც მას და არც ვიქტორ ორბანს, არც სხვა უნგრელ ჩინოვნიკებს ვიზიტის დროს თეთრი სახლის წარმომადგენლებთან არ ჰქონიათ და არც დაგეგმილი არ ყოფილა. ბუდაპეშტში დაბრუნებისას პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ თუ დონალდ ტრამპი ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, იგი არცერთ ცენტს არ დახარჯავს უკრაინისათვის. „შესაბამისად, ფულისა და იარაღის გარეშე საბრძოლო მოქმედებები მალე დამთავრდება. ისედაც ჩანს, რომ მარტო თვითონ უკრაინას ფეხზე დგომა არ შეუძლია“. შიდა უთანხმოება ნატოში დიდი ხნის პაუზისა და გაჭიანურების შემდეგ, უნგრეთის პარლამენტმა, რომელმაც ნატოს სხვა წევრები საკმაოდ გააბრაზა, გასულ თვეში, როგორც იქნა, საბოლოოდ მოიწონა შვედეთის განაცხადი ნატოში გაწევრების თაობაზე. ამრიგად, შვედეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი 32-ე წევრი გახდა. იენს სტოლტენბერგმ, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინის წინ შვედეთის დროში აღმართვის ცერემონიის დროს, ემოციურად განაცხადა: „შვედეთმა თავისი კანონიერი ადგილი დაიკავა ნატოს მაგიდასთან და წესდების მე-5 პუნქტის მფარველობის ქვეშ მოექცა. ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის!“. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბუდაპეშტსა და სტოკჰოლმს შორის უთანხმოება ჩაქრა. პეტერ სიარტომ განმარტა, რომ უნგრეთის პარლამენტი შვედეთს ნატოში იმიტომ არ უშვებდა, რომ უნგრელ კანონმდებლებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს შვედების კრიტიკის გამო, თითქოსდა უნგრეთი დემოკრატიის პრინციპებს არღვევს. სხვათა შორის, უნგრეთის მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან ევროკავშირის ხელმძღვანელებიც, რომლებმაც, პროტესტის ნიშნად და უნგრეთის დასასჯელად, ბუდაპეშტისთვის მილიარდობით ევროს დახმარების მიცემაა განგებ დააგვიანეს – დემოკრატიის „სატირელი“ მდგომარეობის, პრესის შეზღუდვისა და სამოქალაქო უფლებების დარღვევის გამო. უნგრეთ-ნატოს სხვა სადაო საკითხებს შორის პეტერ სიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთის მთავრობა მხარს არ უჭერს ნიდერლანდების მემარჯვენე ცენტრისტული პრემიერის მარკ რიუტეს კანდიდატურას ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე. „ეს ის მარკ რიუტეა, რომელმაც 2021 წელს დაიქადნა – „უნგრეთს მუხლებზე დავაჩოქებთო“, როცა ჩვენ „ლგბტ-საზოგადოების“ შესახებ კანონი მივიღეთ… აშკარაა, რომ ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს მარკ რიუტეს კანდიდატურას იმის გათვალისწინებით, რომ მან უნგრეთის მიმართ უკიდურესად არაობიექტურობა [და უპატივცემლობა] გამოიჩინა“, – აღნიშნა პეტერ სიარტომ. უთანხმოების კიდევ ერთ მიზეზს წარმოადგენს საკითხი – არის თუ არა აუცილებელი უკრაინის მიღება ალიანსში (და თუ არის, როდის). ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ კრიტიკული საკითხის ირგვლივ თვალსაზრისები მთელ ევროპაში სხვადასხვაა.

„სიტუაცია არაერთმნიშვნელოვანია. სამ ბალტიისპირა სახელმწიფოს, ასევე პოლონეთს, რუმინეთს და ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების კიდევ რამდენიმე ქვეყანას… ანუ მათ, რომლებიც რუსეთს კარგად იცნობენ და მასთან გეოგრაფიულად მეტ-ნაკლებად ახლოს მდებარეობენ, ძალიან სურთ, რომ უკრაინა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ნატოს წევრი“, – ამბობს ჯიმი ტაუნსენდი, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროინდელი აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, რომელიც ევროპულ პოლიტიკასა და ნატოსთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებდა, – „მათ არ სურთ, რომ უკრაინამ ომი წააგოს – იმიტომ, რომ ფიქრობენ, რუსეთის მომდევნო მსხვერპლი ჩვენ აღმოვჩნდებითო“. „რასაკვირველია, ყველამ კარგად იცის, რომ უკრაინას ნატოში მიღებამდე ბევრი მუშაობა მოუწევს – კორუფციასთან, მართვის სისტემასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით… პრობლემები ძალიან ბევრია. ამიტომ უკრაინის სწრაფი მიღება ალიანსში მისი ყველა შესაძლებლობებით, ყველა პლუსებით – პირველ რიგში, სამხედრო თვალსაზრისით და მინუსებით – ომთან დაკავშირებული პრობლემებით, ერთი ხელის მოსმით ვერ და არ მოხდება“, – ასკვნის ჯიმი ტაუნსენდი.

წყარო