“ინფლაცია ბოლო ხუთი თვის განმავლობაში 1%-ზე დაბალ ნიშნულზე ფიქსირდება” – ნათია თურნავა

37
spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პანელურ დისკუსიაზე – „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები” სიტყვით გამოსვლისას, ნათია თურნავამ ქვეყნის ჯანსაღ მაკროეკონომიკურ გარემოზე და გაზრდილ ეკონომიკურ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად კი ინვესტიციები დაასახელა.

„ინფლაცია გასული წლის მარტის თვიდან მოყოლებული, მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში კი 1%-ზე დაბალ ნიშნულზე ფიქსირდება. ეს მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდა პროდუქტიულობის ზრდის ხარჯზე ხდება. აღსანიშნავია, რომ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი გაიზარდა, მოხდა პროდუქტიული დარგების უპირატესი განვითარება, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ინფლაციის ზრდის გამანეიტრალებელი ფაქტორია, ეს ნამდვილად კარგი განვითარებაა”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.