“ნაცმოძრაობასთან” არც არჩევნებამდე გვექნება რაიმე გაერთიანება ან კოალიცია, არც არჩევნების შემდეგ”- მიხეილ დაუშვილი

19
spot_img

სერიოზულად აღარ ვიღებ, ეგ ხალხი რას და რატომ ლაპარაკობს. თვითონ ესმით ან არ ესმით. ჩვენ ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს. ღიად ვთქვით, რომ „ნაცმოძრაობასთან“ არც არჩევნებამდე გვექნება რაიმე ტიპის გაერთიანება ან კოალიცია, არც არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დაუშვილმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის იმ განცხადებაზე, სადაც ბარამიძე ამბობს: „გახარიას პარტიასთან მომავალში კი არა, დღესაც ვთანამშრომლობთ“.

მიხეილ დაუშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით მათი პოზიცია არ შეიცვლება.

„გუშინ, გუშინწინ მე თვითონ ვთქვი, რომ იმ კოალიციაში შესვლას, სადაც „ნაცმოძრაობა“ იქნება, სჯობს, რომ დავრჩეთ ოპოზიციაში, თუნდაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ. კიდევ ვინმე გამოვა, გუშინ ღამე ბარამიძე და ხვალ კიდევ ვიღაც გამოვა და რაღაცას იტყვიან. ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს და ეს პოზიცია არ შეიცვლება. საკრებულოებზე რასაც მეკითხებით, მაგ ლოგიკით, ჩვენ კოალიციები გვაქვს „ქართულ ოცნებასთან“. გასულ წელს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დავამტკიცეთ ბიუჯეტები. კოალიციის დამადასტურებელი უფრო დიდი ქმედება, ვიდრე ბიუჯეტების დამტკიცებაა, არ არსებობს. მთავრობის კომპლექტაციის შესაძლებლობა მუნიციპალურ დონეზე არ არის. კოალიცია თუ კი ვინმესთან გაქვს, გაქვს იმასთან, ვისთან ერთადაც ამტკიცებ ბიუჯეტს. „ქართულ ოცნებასთან“ ერთად სამი ბიუჯეტი დავამტკიცეთ“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

ამასთან, მიხეილ დაუშვილი კითხვის პასუხად აცხადებს, რომ „ოცნებასთან“ კოალიციას არ განიხილავენ.

„არა, ხომ გვაქვს ნათქვამი. ამ ფორმაციის „ოცნებასთან“ ვერანაირი გაერთიანება ვერ გვექნება“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.