უკრაინის დახმარება არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში -იენს სტოლტენბერგი

34
spot_img

ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. მინისტერიალზე უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე, აღჭურვილობის წარმოებასა და თავდაცვით ხარჯებზე მსჯელობენ.

შეხვედრის დაწყების წინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის კონგრესი დაამტკიცებს უკრაინის დახმარების პაკეტს, რადგან მისი თქმით, უკრაინის დახმარება არ არის ქველმოქმედება, არამედ არის ინვესტიცია ალიანსის უსაფრთხოებაში.

„მე მივესალმები, რომ ნატო-ს მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერას ზრდიან, მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას და აღჭურვილობას აწვდიან. მივესალმები ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გამოუყოს 50 მილიარდი ევრო უკრაინას და ველოდები, რომ აშშ-ის კონგრესი შეთანხმდება უკრაინის დახმარების პაკეტზე, რადგან უკრაინის დახმარება არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში“, – განაცხადა მან.

ამასთან, სტოლტენბერგმა შეახსენა ნატო-ს წევრებს ვილნიუსის სამიტზე გაცემული დაპირება, თავდაცვის ხარჯების მშპ-ს, სულ მცირე, ორ პროცენტამდე გაზრდის შესახებ.

„დღეს ნატო-ს თავდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ, რათა განიხილონ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი და ის, თუ როგორ გავაძლიეროთ უფრო მეტად ჩვენი თავდაცვა და შეკავება. ჩვენ მეტი ინვესტიცია გვჭირდება და სწორ გზაზე ვდგავართ, რადგან გვაქვს თავდაცვითი ინვესტიციების ისტორიული მაჩვენებლები. გასულ წელს ევროპასა და კანადაში თავდაცვითი ხარჯების 11-პროცენტიანი ზრდა ვიხილეთ. მიმდინარე წელს ჩვენ ველოდებით, რომ 18 მოკავშირის თავდაცვის ხარჯები მიაღწევს მშპ-ს ორ პროცენტს, თუმცა კიდევ დაგვრჩა სამუშაო, რადგან გასული წლის ვილნიუსის სამიტზე ყველა მოკავშირემ დადო პირობა, რომ თავდაცვაზე მშპ-ს, სულ მცირე, ორ პროცენტს დახარჯავდა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.