საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის პრიორიტეტებსა და მთავრობის მუშაობის პრინციპებზე ისაუბრეს.
მისივე თქმით, დაიგეგმა ძირითადი სამუშაო მიმართულებები და პრინციპები, რომლებზეც ახალი შემადგენლობით ინტენსიურად იმუშავებენ.
„როგორც იცით, დღეს ახალი მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც ახალ პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ ზოგადად მთავრობის მუშაობის პრინციპებზე. პირველ რიგში, მინდა, მივულოცო ყველა ჩემს კოლეგას, ბატონ ირაკლი კობახიძეს დაკავებული თანამდებობები. ვფიქრობ, ჩვენ გველოდება ინტენსიური წელი, ძალიან ბევრი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი. გვქონდა საინტერესო, ინტენსიური განხილვები პარლამენტში, სადაც ვსაუბრობდით მიმდინარე წელს შესასრულებელი გეგმების და ამოცანების შესახებ, გავაცანით სამთავრობო პროგრამის ის ნაწილი, რომელიც 2024 წლის პრიორიტეტებს უკავშირდება. შესაბამისად, ძალიან მაღალ დონეზე კოორდინირებული მუშაობაა საჭირო, რათა ყველა ამ მიზანს მივაღწიოთ. ასე რომ, ჩვენ დავგეგმეთ ძირითადი სამუშაო მიმართულებები და პრინციპები, რომლებზეც ვიმუშავებთ ინტენსიურად, ახალი შემადგენლობით. ასევე, ვისაუბრეთ მეტ ანგარიშვალდებულებაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი იყო საზოგადოების მიმართ. ანგარიშვალდებულებასთან ერთად, გამჭვირვალობაზე. ეს თითოეული სამინისტროსთვის აქამდეც იყო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, მაგრამ დღეს ასევე იქნება მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, მათ შორის მედიასთან ურთიერთობა იქნება მეტი და ინტენსიური“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.