ოპოზიცია სამთავრობო გუნდისთვის მხარის არ დაჭერის მიზეზების ძებნის პროცესით არის დაკავებული -მიხეილ სარჯველაძე

19
spot_img

ოპოზიცია სამთავრობო გუნდისთვის მხარის არ დაჭერის მიზეზების ძებნის პროცესით არის დაკავებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მაღალკვალიფიციური სამთავრობო შემადგენლობაა წარმოდგენილი, რომელსაც ყველა გამოწვევასთან გამკლავება შეუძლია.

„მაღალკვალიფიციური სამთავრობო შემადგენლობაა და ვფიქრობ, რომ პრაქტიკულად, ყველა გამოწვევასთან გამკლავების შესაძლებლობა აქვთ. რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, ან მათ მიერ დასმულ კითხვებს, ალბათ, ჯობია, რომ მაინცდამაინც სერიოზულად არ გავცეთ პასუხი და ხუმრობით ვთქვათ, რომ მაინცდამაინც სერიოზულად, დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი. ისინი, უფრო მეტად სამთავრობო გუნდისთვის მხარის არ დაჭერის მიზეზების ძებნის პროცესით არიან დაკავებული,” – განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება 6 თებერვალს პარლამენტში პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენას – სარჯველაძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ტრიბუნას ოპოზიციის მხარდასაჭერად გამოიყენებს.

“მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს იქნება ანგარიში მისი საქმიანობის შესახებ, უფრო მეტად ეს პლატფორმა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ კვლავ გაამძაფროს მხარდაჭერა ოპოზიციისა, რომელიც შეინიშნება ბოლო პერიოდში მის საქმიანობაში. გამიხარდება, თუ აღმოჩნდება, რომ ვცდები,” – განაცხადა სარჯველაძემ.

პარლამენტი დღეს საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსა და სამთავრობო პროგრამის განხილვას იწყებს. პარლამენტის დარგობრივი კომიტეტები სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავენ სამთავრობო პროგრამას და განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მოუსმენენ. საკომიტეტო მოსმენები ჩანიშნულია 6 და 7 თებერვალსაც. ამასთან, 7 თებერვალს მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივად მოუსმენენ, 8 თებერვალს კი – ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“.