რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს “ოცნებამ”, ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის -ანა ნაცვლიშვილი

23
spot_img

ბურჭულაძე იმით დაგვამახსოვრდა, რომ ოკუპაციის პირობებში, ლიბერალიზმი ქვეყნის მთავარ საფრთხედ დაასახელა, ალბათ, ნატო-შიც არ წავა და ოკუპანტ ან იდეურად ახლოს მყოფ სახელმწიფოში გააგრძელებს საქმიანობას, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ში ელჩად დანიშვნის შეთავაზება მიიღო.

ამასთან ნაცვლიშვილის განცხადებით, კობახიძის პრემიერად წარდგენა „საბოლოო ბეჭედს უსვამს რუსულ მიმართულებას“.

„ის, რომ რუსული კანონის ავტორი პრემიერად არის წარდგენილი, საბოლოო ბეჭედს უსვამს რუსულ მიმართულებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული. რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს „ქართულმა ოცნებამ“, ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის. საქართველოსთვის ეს არის ძალიან სახიფათო ხელისუფლება. იქნებ საზოგადოება, საკუთარი ამომრჩეველი მაინც ჩათვალონ ღირსად და თქვან, რა პარამეტრებით უშვებენ ბურჭულაძეს, თუ სხვებს ტოვებენ?! ან სხვებს რატომ ტოვებენ, თუ ბურჭულაძეს უშვებენ?!

ბურჭულაძეს რაც შეეხება – ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მინისტრმა თქვა, ამ ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე ლიბერალიზმიაო. ამით რომ დაგამახსოვრებს თავდაცვის მინისტრი თავს ძალიან მძიმედ არის საქმე. რა ვიცი, ალბათ ნატო-ში არ წავა, რადგან დასავლეთი საფრთხედ აქვს აღქმული და ალბათ, სადმე უფრო ოკუპანტ ან იდეურად ახლოს მყოფ სახელმწიფოში გააგრძელებს საქმიანობას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.