„ლელომ“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მათი ხედვა „9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ“ წარადგინა

20
spot_img

პარლამენტში, პოლიტიკურმა პარტია „ლელომ“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მათი ხედვა “9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ” წარადგინა.

გეგმა მოიცავს კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც, როგორც “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, შედგენილია იმისთვის, რომ საქართველომ უმოკლეს დროში, ხელისუფლების ცვლილებიდან ერთ წელიწადში შეძლოს ევროკავშირის 9 -პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება.

როგორც პრეზენტაციაზე ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია საკუთარი ხელისუფლების და ძალაუფლების შენარჩუნებით და ბოლოდროინდელი ცვლილებები მმართველ ძალაში საბოლოოდ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არ შეასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს.

“ლელოს” გეგმა მოიცავს: რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო არხებისა და რუსული ფონდების საქმიანობის აკრძალვას, “ტროლების ქარხნის” მუშაობის სქემის გამოძიებას, სპეციალური მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიის შექმნას, მედია წიგნიერების სავალდებულო სასკოლო საგნად დანერგვას, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის და დეზინფორმაციისგან დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყების განსაზღვრას, დეზინფორმაციასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან, სპეციალიზებულ სააგენტოებთან და სხვა.

ამასთან, „ლელოში” განმარტავენ, რომ გეგმა გულისხმობს ევროკავშირის სანქციებთან მიერთებას რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს დაცვის აქტის მიღებას, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვას.

გეგმა ასევე, მოიცავს შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმას პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ინსტიტუციური ძალაუფლების დაბალანსებულად გადანაწილების თაობაზე, რიგი კომიტეტების თავმჯდომარეებად ოპოზიციის წარმომადგენლების არჩევას.

ამასთან, როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, გეგმის თანახმად, პარლამენტში გაუქმდება 2023 წლის სექტემბერში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ მიღებული “მედიის საქმიანობის შემზღუდველი უსაფრთხოების წესები”.

ამასთან, გეგმით გათვალისწინებულია, შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებების საარჩევნო კანონმდებლობაში გატარება, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესისა და საარჩევნო ბარიერის შესახებ.

ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, გეგმის შესასრულებლად „ლელოს“ მომზადებული აქვს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები, კანონპროექტები და კონკრეტული რეფორმები, რომელიც გულისხმობს მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიის შექმნას, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სახელმწიფო ქონების, სახელმწიფო სახსრების, მსხვილი საგრანტო რესურსების და მსხვილი საბიუჯეტო დანახარჯების განკარგვის პროცესებს.

პარტიაში აცხადებენ, რომ კომისიაში შევა ყველა ფრაქციის, პოლიტიკური ჯგუფის თითო წარმომადგენელი და მას ოპოზიციაში მყოფი პარლამენტარი უხელმძღვანელებს. გეგმაში ასევე გათვალისწინებულია საპარლამენტო ნდობის ჯგუფის გაუქმება და ქმედითი მექანიზმების შექმნა უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის განსახორციელებლად.

ნაცვლიშვილის განცხადებით, სასამართლო რეფორმის ნაწილში გათვალისწინებულია „კლანის“ დაშლა და ახალი კლანის წარმოქმნის საფრთხეების სრული დაზღვევა; მოსამართლეთა თავიდან შერჩევის საგანგებო პროცესის გამართვა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით; იუსტიციის საბჭოს ფუნქციების და ძალაუფლების შეზღუდვა; გამოსაცდელი ვადის და მოსამართლის „გადასახლების“ მექანიზმების გაუქმება და სხვ. მოსამართლეთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, საქმეების დროული განხილვის უზრუნველყოფა და აშ. ამასთან, გეგმა ითვალისწინებს პროკურატურის ყოვლისმომცველ რეფორმირებას.

კორუფციის ნაწილში გათვალისწინებულია საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვილი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს – ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, ამასთან, კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლის უზრუნველსაყოფად ახალი მექანიზმების დანერგვა, მაგალითად, დაუსაბუთებელი ქონების კონფისკაციის მექანიზმის. ასევე, გეგმა ითვალისწინებს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მიღებას, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციაზე წვდომის და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას საზოგადოების წინაშე.

ნაცვლიშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის მიმართულება გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტიის გაშვებას ხელისუფლებიდან 2024 წლის არჩევნებზე, ხოლო იმისათვის, რომ არ მოხდეს ოლიგარქიული გავლენების დაბრუნება, ან, ახალი ტენდენციების განვითარება, შეიქმნება სახელმწიფო უწყებებისაგან დამოუკიდებელი ოლიგარქიული გავლენების პრევენციის (მუდმივმოქმედი) საბჭო.

ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, “ლელოში” აცხადებენ, რომ გაუქმდება 1984 წელს მიღებული რუსული, საბჭოთა პერიოდის რეპრესიული „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“.

“ლელოში” აცხადებენ, რომ უფლებების დარღვევებზე მიმდინარე გამოძიებების არაეფექტურობის გამო, გეგმა ითვალისწინებს მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და ახალი პროკურორის ფართო კონსენსუსით არჩევას.

„ლელოში” აცხადებენ, რომ გეგმას გააცნობენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, ექსპერტებს, მოქალაქეთა ჯგუფებს და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით გააგრძელებენ მუშაობას.