თავად ზურაბიშვილმაც გადასარევად იცის, რომ აბსოლუტურად არაფერ შუაში იყო ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტთან დაკავშირებით, იცის ასევე ისიც, რომ მხოლოდ ხელის შეშლისთვის თუ გამოიყენებდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ზურაბიშვილმა თვითონ მოისპო შესაძლებლობა, კონსტრუქციული წვლილის შემტანი ყოფილიყო მიმდინარე პროცესებში.
„რეალურად, ეს იყო წარმატებული ვიზიტი, წარმატებული თანამშრომლობის რეზულტატები, რაც იხილა საზოგადოებამ. არ ვიცი, მას კიდევ რითი უნდა გაემდიდრებინა ეს ყველაფერი. რეალურად, თვითონაც არაფერი აქვს სათქმელი ამასთან დაკავშირებით. არ დაგვავიწყდეს, რომ ზურაბიშვილმა თვითონ მოისპო შესაძლებლობა, კონსტრუქციული წვლილის შემტანი ყოფილიყო ამ პროცესებში, მათ შორის შეუთანხმებელი ნაბიჯებით, გახსოვთ, ეს იყო მთავარი ფაქტორი, რამაც მიიყვანა მდგომარეობა იქამდე, რომ აუცილებელი გახდა იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება. პროცედურა ფორმალურად არაშედეგიანად დასრულდა, მაგრამ შინაარსობრივად ეს შედეგის მომტანი იყო. მე აბსოლუტურად ლოგიკურად თანმიმდევრული მგონია ხელისუფლების დამოკიდებულება, როდესაც ცდილობს, ზურაბიშვილთან თანამშრომლობა არ შედგეს. არ არის ამის საჭიროება, არც მიზეზი და არც საფუძველი. ფორმალური აუცილებლობა და ფორმატები სადაც არ არსებობს თანამშრომლობის, ხელისუფლებას სხვა ინტერესი ვერ ექნება, ხელისუფლებას, რომელმაც თქვა და დაარქვა სახელი ზურაბიშვილის „მოღვაწეობას“, როგორც მიზეზი იმპიჩმენტისა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გუშინდელ ვიზიტს სალომე ზურაბიშვილი განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა: „მივესალმები სომხეთის პრემიერის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს“.