“პარტიას მოუწოდო პოლიტიკური პროცესების შეწყვეტისკენ, ცოტა უცნაურია” – ხაბეიშვილი მელიას პასუხობს

84
spot_img

„ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იმართება კაბინეტიდან, ვეღარ იმართება. ადგილებზე პარტიის ხელმძღვანელების ბედს გადაწყვეტენ ამომრჩევლები. შესაბამისად, ეს პროცესი დამთავრდება 20 მაისამდე და პარტია გამოვა კიდევ უფრო გაძლიერებული, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც პარტიის რეგიონულ ორგანიზაციებში თავმჯდომარეების არჩევნების თაობაზე ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

ხაბეიშვილის თქმით, ეს არჩევნები პარტიას სჭირდება.

„არჩევნები ჩანიშნულია, არჩევნები სჭირდება პარტიას. პარტია უნდა იყოს ძლიერი ინფრასტრუქტურულად და კონკრეტული მანდატები უნდა ჰქონდეს ადგილზე ხალხისგან. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იმართება კაბინეტიდან, ვეღარ იმართება [მომავალშიც] და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ადგილებზე პარტიის ხელმძღვანელების ბედს გადაწყვეტენ ამომრჩევლები. შესაბამისად, ეს პროცესი დამთავრდება 20 მაისამდე და პარტია გამოვა კიდევ უფრო გაძლიერებული. პოლიტიკური პარტია პოლიტიკურ პროცესებს ვერ შეწყვეტს, ეს წარმოუდგენელი რამეა. ჩვენ პოლიტიკური პარტია ვართ და პოლიტიკურ პარტიას მოუწოდო პოლიტიკური პროცესების შეწყვეტისკენ, ცოტა უცნაურია. თქვენ, ჟურნალისტები 19 აპრილს იყავით, სადაც დავაანონსე არჩევნების გამოცხადების შესახებ და ორი კვირა გავიდა მას შემდეგ. ამიტომ, არათუ კონკრეტულ ადამიანებთან, საზოგადოებასთან მქონდა [საუბარი], საზოგადოება ჩავაყენეთ საქმის კურსში და ცხადია, ამ ორი კვირის განმავლობაში, აბსოლუტურად ყველა დონეზე იყო კონსულტაციები, მათ შორის პარტიის ყველა მოქმედ თავმჯდომარესთან, რომელიც მოვალეობას ასრულებს. შევხვდით, გავიარეთ კონკრეტული საკითხები და პარტიაში მიღებულ იქნა არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება, ეს აღარ შეიცვლება. პარტიაში პოლიტიკური პროცესი დასრულდება ძალიან მალე და პარტია იქნება გაძლიერებული“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირა დარჩა, „აუცილებელია, პარტიაში არ იქნას დაშვებული არანაირი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს დაპირისპირების, დეზინტეგრაციის და გაუცხოების გაღრმავებას“.

„ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, შეწყდეს ყოველგვარ შიდაპარტიულ საკითხზე, მათ შორის პარტიულ არჩევნებზე საუბარი, რადგან დაუშვებლად მიგვაჩნია შესაძლო შიდა დაპირისპირებებისა და თავდასხმების ახალი კერების გაჩენა“, – განაცხადა მელიამ.