„ტაივანს შეუძლია უკრაინის ბედი თავიდან აიცილოს“ – „ფაინენშელ თაიმსი“

39
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Tims) გამოქვეყნებულია ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველის გიდეონ რიხმანის სტატია სათაურით „ტაივანს შეუძლია უკრაინის ბედი თავიდან აიცილოს“, რომელშიც გაანალიზებულია კუნძულის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ. დღის წესრიგშია მთავარი კითხვა – შეიჭრება თუ არა ჩინეთი ტაივანზე, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მსგავსად?

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სი ძინპინი თვლის, რომ ისტორია პეკინის სასარგებლოდ ვითარდება. როცა იგი გასული წლის მარტში ვლადიმერ პუტინს კრემლში ესტუმრა, ჩინეთის ლიდერმა რუს პრეზიდენტს უთხრა: „ჩვენ ახლა უშუალოდ ვუყურებთ და მოწმენი ვართ იმ მოვლენებისა, რომლებიც 100 წელიწადში ერთხელ ხდება და ჩვენ ორივე ამ ცვლილებებს ვმართავთ“.

ორი დიდი სახელმწიფოს მეთაურების პოზიციები მთელმა მსოფლიომ გაიგო: სი ძინპინის სიტყვები აღქმული იქნა როგორც აშკარა მხარდაჭერად რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიმართ… და იმის ვარაუდად, რომ ჩინეთი ძალიან მალე შეასრულებს „კონკრეტულ როლს ამ ცვლილებების სტიმულირებისათვის“. შესაბამისად, გაჩნდა შიში იმისა, რომ ჩინეთი მართლაც შეასრულებდა თავის დიდი ხნის მუქარებს კუნძულზე შესაჭრელად, რომელსაც თავის ნაწილად თვლის.

პეკინის მუქარების რეალიზების კონტურები აშკარად გამოიკვეთა ტაივანზე ამ ორი დღის წინათ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგად კუნძულის დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკოსმა გაიმარჯვა. ჯერ კიდევ ხმის მიცემამდე ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ტაივანე ამომრჩევლებს მოუწოდა „სწორი არჩევანი“ გაეკეთებინათ მშვიდობასა და ომს შორის, მაგრამ ტაივანმა, პეკინის თვალსაზრისით, „არასწორი არჩევანი“ გააკეთა, როცა პრეზიდენტად ხმა მისცა დემოკრატიულ-პროგრესული პარტიის ლიდერს ლაი ცინდეს (უილიამ ლაის), რომელსაც პეკინი სახიფათო სეპარატისტად თვლის.

მართლაცდა, ტაივანის დღევანდელი მდგომარეობა გარკვეულწილად ჰგავს უკრაინის მდგომარეობას 2022 წლამდე.

პირვლე რიგში უნდა ავღნიშნოთ ის, რომ ვლადიმერ პუტინიც და სი ძინპინიც უკრაინასა და ტაივანს იმ ტერიტორიებად თვლიან, რომლებიც ისტორიული სამართლიანობის მიხედვით, მათ სახელმწიფოებს ეკუთვნით. თავის დროზე ვლადიმერ პუტინი უკრაინის დამოუკიდებლობას მხოლოდ რიტორიკულად აღიარებდა, ხოლო კონტინენტური ჩინეთი კუნძულს ყოველთვის თავის ნაწილად თვლიდა, ანუ ჩინეთთან ტაივანის გაერთიანება პეკინის დიდი ხნის პოლიტიკურ კურსს წარმოადგენს.

მეორე მომენტი იმით გამოიხატება, რომ ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის მტკიცებით, არც უკრაინას აქვს რეალური სუვერენიტეტი და არც ტაივანს, ორივეს აშშ იყენებს თავის ჰეგემონური და აგრესიული პოლიტიკის ინსტრუმენტებად. ამრიგად, „განდგომილი“ უკრაინის//ტაივანის დაბრუნება თავიანთი ისტორიული სამშობლოების – რუსეთის//ჩინეთის – შემადგენლობაში ორ მიზანს ემსახურება: ამით რეალიზებული იქნება მოსკოვისა და პეკინის ისტორიული დანიშნულება – ყველა იმ ტერიტორიის მიერთება, რომლებსაც ისინი ფლობდნენ. შესაბამისად, ამით მასირებული დარტყმა მიადგება ამერიკის გლობალურ ძლიერებას საომარი მოქმედებების ორ საკვანძო თეატრში – ევროპაში და აზიაში. აქედან გამომდინარე, განხორციელდება ის ცვლილება, რომელიც „100 წელიწადში ერთხელ ხდება“.

უეჭველია, რომ ყოველი ძლიერი ლიდერისათვის მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურად გადაქცევის შანსი მიმზიდველია. ვლადიმერ პუტინიც და სი ძინპინიც ძლიერი ადამიანების სახეეებს წარმოადგენენ. რუსმა და ჩინელმა ლიდერებმა თავიანთი ქვეყნების კონსტიტუცია  შეცვალეს, რათა ხელისუფლებაში ყოფნა გაეგრძელებინათ – სავარაუდოდ, სიკვდილამდე. ორივე ხელს უწყობს პიროვნების კულტის პროპაგანდას და გარემოცვას შიშს უნერგავს.

ვლადიმერ პუტინს სიამოვნებს ხოლმე კამერების წინაშე „ღიმილით“ თავისი უახლოესი თანაშემწეების დაშინება, რომლებმაც კარგად უწყიან რუსეთის პრეზიდენტის რეალური საქმეები – იგი თავის მოწინააღმდეგეებს კიდევაც აპატიმრებს და კიდევაც კლავს. თავის მხრივ, სი ძინპინსაც არაერთხელ აქვს ჩატარებული ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის მქონე პირების წმენდები. რაც უფრო მეტ ხანს იმყოფება ორივე ლიდერი ხელისუფლებაში, მით უფრო მეტად იხრებიან იმისკენ, რომ ისინი ჩაციკლულნი აღმოჩნდნენ საკუთარი ადგილის შესანარჩუნებლად. ამ „ისტორიულმა საზრუნავმა“ ორივე ლიდერი II მსოფლიო ომის შედეგების გაფეტიშებამდე მიიყვანა: ვლადიმერ პუტინი რუსეთს „ევროპის გადამრჩენლად“ თვლის გერმანელი ნაცისტების წინააღმდეგ ომში, ხოლო სი ძინ პინი კომუნისტური ჩინეთის გადამწყვეტ როლზე აცხადებს პრეტენზიას აზიის რეგიონში, [გერმანელი ფაშისტების მოკავშირე იაპონიის წინააღმდეგ].

თუმცა აუცილებელია ითქვას: იმის მიუხედავად, რომ ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი თვლიან – ისტორია ჩვენს სასარგებლოდ ვითარდებაო, ორივე მაინც ერთგვარ შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ სინამდვილეში ისტორია შეიძლება მათი ინტერესების წინააღმდეგ განვითარდეს. რუსეთის ლიდერის მიერ 2022 წელს მიღებული გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის მიზნით, სავარაუდოდ, ნაკარნახევია შიშით, რომ კიევი სამუდამოდ გავიდოდა რუსეთის კონტროლის არეალიდან. და რომ მას სწრაფად არ ემოქმედა, იგი ისტორიაში შევიდოდა ისეთი მეფედ, რომელმაც „უკრაინა დაკარგა“.

არსებობს აშკარა საფრთხე იმისა, რომ სი ძინპინიც იგივე დასკვნას გააკეთებს ტაივანთან მიმართებით. ჩინეთს იმედი ჰქონდა, რომ კუნძულზე [პროამერიკული] დემოკრატიული პარტიის ლიდერის ცაი ინვენის რვაწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ ამ არჩევნებში ქანქარა უფრო პროპეკინური პარტიისაკენ – გომინდანისაკენ გადაიხრებოდა (გომინდანი ჩინეთს 1949 წლამდე მართავდა), მაგრამ ლაი ცინდეს (უილიამ ლაის) გამარჯვებამ ცხადჰყო, რომ ტაივანის მართვას კვლავ პროდასავლელი პრეზიდენტი და მისი მთავრობა გააგრძელებს.

ეს ფაქტი ჩინეთისათვის გრძელვადიანი არასასურველი შედეგების მომტანი იქნება. პეკინისათვის შემაშფოთებელი ხდება ის ტენდენცია, რომ სწრაფად იზრდება ტაივანელთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ თავს ჩინელებად კი არა, „ტაივანელებად“ თვლიან. ამ შემთხვევაშიც ჩანს პარალელი უკრაინასთან, სადაც მზარდი ყურადღება უკრაინული კულტურისადმი რუს ნაციონალისტებს აშფოთებდათ და შეურაცხმყოფელად მიაჩნდათ.

მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ სი ძინპინი საბოლოო ჯამში გადაწყვეტს ვლადიმერ პუტინს მიბაძოს და სამხედრო ძალა გამოიყენოს პირადული და ნაციონალისტური ამბიციების მისაღწევად?

უნდა ვივარაუდოთ, რომ სი ძინპინს დააფიქრებს ის კატასტროფული ზარალი, რომელიც რუსეთს უკრაინაზე ავბედითმა თავდასხმამ მოუტანა. ჩინელი ოფიციალური პირები ზოგჯერ აცხადებენ, რომ მათი არმია უფრო მრავალრიცხოვანი და ძლიერია, ვიდრე რუსული ჯარი, მაგრამ სინამდვილეში ვლადიმერ პუტინის განკარგულებაში ისეთი დივიზიები და ისეთი რუსი ჯარისკაცები არიან, რომლებიც გამოწრთობილნი არიან ბოლო წლების ბრძოლებში – ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიაში… ჩინეთის არმიას კი, 1979 წლის ვიეტნამთან კონფლიქტის შემდეგ,  დიდი ხანია არავისთან არ უბრძოლია, ანუ რეალური საომარი გამოცდილება არ აქვს. გარდა ამისა, კორუფციის ბრალდებით განხორციელებულმა ხშირმა წმენდებმა ჩინეთის არმიის ხელმძღვანელობა დაასუსტა.

მხედველობაშია მისაღები აგრეთვე აშშ-ის პრინციპული პოზიციაც: ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, მაგრამ ჯო ბაიდენმა მიანიშნა, რომ ამერიკა უკრაინის დასაცავად თავის ჯარს არ გაგზავნის. ტაივანთან მიმართებით კი სიტუაცია პირიქითაა: აშშ არ აღიარებს კუნძულის დამოუკიდებლობას (რაც ახლახან, არჩევნების შემდეგაც დაადასტურა), მაგრამ ჯო ბაიდენს არაერთხელ განუცხადებია, რომ ამერიკა ტაივანის დასაცავად იბრძოლებს.

არსებობს გეოგრაფიული ფაქტორიც: რუსეთი უშუალოდ ესაზღვრება უკრაინას, სადაც მისი შეჭრა სახმელეთო გზებით განხორციელდა და მაინც „ჩაეფლო“, ჩინეთს კი, თუ ის ტაივანს თავს დაესხმება, საზღვაო გზით შეჭრა მოუწევს, რაც ბევრად რთულია.

როგორც ვაშინგტონი თვლის, სი ძინპინმა თავის გენერლებს უბრძანა, რომ არმია ტაივანზე შესაჭრელად უკვე 2027 წლისათვის მოამზადონ. აშშ-ისა და ტაივანის ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ როცა „შეჭრის“ თარიღი მოახლოვდება, სი ძინპინი დარწმუნდეს, რომ კუნძულზე თავდასხმა ჯერ კიდევ სარისკოა. ჩინეთის ლიდერი, ალბათ, ვერასოდეს ვერ ნახავს იმ „ცვლილებას“, რომელიც „100 წელიწადში ერთხელ ხდება“, მისი ოცნება განუხორციელებელია.

წყარო