საქართველო და რუსეთ-უკრაინის ომი – ზურაბ მარშანია

329
spot_img

საქართველო და რუსეთ-უკრაინის ომი – ზურაბ მარშანია

(დიპლომატ-პოლიტოლოგის მოსაზრება)

არც თუ ისე შორეულ წარსულში ხშირად ისმოდა საქართველოში გარკვეული ტიპის, კარგად გასაგები წარმომავლობის, სრულიად გაუაზრებელი და ძალიან სახიფათო ტიპის განცხადებები: „ომი უკრაინას ეხება და ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ“, „დასავლეთსა და უკრაინელებს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევა სურთ“ და ა.შ.

რა მიზეზებით იყო განპირობებული ზემოთაღნიშნული და ქვეყნისათვის მავნე ასეთი ნარატივების გამოჩენა ნაკლებად საინტერესოდ მეჩვენება იმიტომ, რომ საბედნიეროდ დღეს საქართველოს ხელისუფლება და მისი ერთგული მხარდამჭერები ასე აღარ ლაპარაკობენ.
მოდით ამჯერად მხოლოდ იმის ანალიზით შემოვიფარგლოთ მართლა ეხება თუ არა საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომი და რა მოგვიტანა ჩვენ მოძმე უკრაინაში მიმდინარე ამ არნახულმა ტრაგედიამ.

დავიწყებ ნეგატივიდან:
• იმის მიუხედავად, რომ უამრავი ქართველი მოხალისე იბრძვის ამ ომში უკრაინის მხარეზე, რუსეთის უკრაინაში აგრესიის შედეგად საკმაოდ გაგვიფუჭდა დიპლომატიური ურთიერთობები უკრაინასთან, რითაც კარგა ბლომად წყალი ვასხით პუტინის წისქვილზე.

• პუტინის რეჟიმის არნახული აგრესიულობის ფონზე საქართველოში შეიქმნა იმის განცდა (რამდენად საფუძვლიანია თუ უსაფუძვლო ეს განცდა ქვემოდ ვილაპარაკებთ), რომ არსებითად გაიზარდა, ახალი რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხე.

• გაჩნდა ევროკავშირთან და აშშ-თან ურთიერთობების გაუარესების რეალური რისკი.

რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე კი პოზიტიური ის იყო რომ:

• საქართველომ არ დაარღვია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებული სანქციები და არ დაუშვა ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით რუსეთში აკრძალული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების მიწოდება.

• რუსეთ უკრაინის ომმა შეუქცევადად გააძლიერა ქართული საზოგადოების პასიონარული, პოლიტიკურად განსაკუთრებით აქტიური ნაწილისა და არა მარტო მათი პროევროპულ/პროდასავლური ორიენტაცია.

• საქართველომ (როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის ძალისხმევით) მოახერხა დასავლეთთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მეგობრობის დაკარგვის საფრთხის თავიდან აცილება.

• სწორედ ყოველივე ზემოთაღნიშნულის ლოგიკურ გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ საქართველოს ხელისუფლების პროევროპული ვექტორის საკმაოდ მოულოდნელი გაძლიერება და ამასთან ერთად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებული პოლიტიკური პოლარიზაციის შესამჩნევი შესუსტება საქართველოში.

• არანაირ ეჭვს არ იწვევს ისიც, რომ რუსეთის უკრაინაში აგრესიის შედეგად შეცვლილი პოლიტიკური რეალიების გარეშე კარგა ხნით ვერ მივიღებდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

შეიძლება ითქვას, რომ იმ შემთხვევაში თუ სწორ დასკვნებს გამოვიტანთ რუსეთ-უკრაინის ომიდან, ვფიქრობ, რომ რეალურად მოვახერხებთ თავიდან ავიცილოთ ახალი რუსული აგრესია და პუტინის გავლენის სფეროს ჭაობში ჩათრევა, აქოთებულ რუსულ ჭაობში შემდგომი დახრჩობის პერსპექტივით.

შევეცდები ვუპასუხო თუ რატომ მგონია ასე.

1. 21-ე საუკუნის ოციან წლებში რუსეთ უკრაინის ომმა ააღორძინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის სამხედრო დოქტრინები, რომელთა მიხედვითაც მცირე სახელმწიფოებს (მესამე მხარის დახმარების პირობებში) ხელეწიფებათ მასზე განუზომლად ძლიერი სახელმწიფოსათვის დიდი სამხედრო წინააღმდეგობის გაწევა და გარკვეულწილად მაინც (შორეულ პერსპექტივაში) გამარჯვებაც კი (1918 წლის რუსეთ-ფინეთის ომი, 1920 წლის რუსეთ-პოლონეთის ომი, 1939-1940, 1941-1944 წლების სსრკ-ფინეთის ომები, 1948-1951 წლის საფრანგეთ-ვიეტნამის ომი, 1958-1962 წლის საფრანგეთ-ალჟირის ომი, 1964-1975 წლები აშშ-ვიეტნამის ომი, 1978-1989 წლების სსრკ-ავღანეთის ომი).

2. მაშასადამე, ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ტოტალურად კაპიტულანტურ კურსს არ დაადგება რუსეთთან ურთიერთობებში და თუ ქართველი ერი თავად არ გაუღებს კარს და ყვავილებით არ მიეგებება რუს ოკუპანტებს თბილისში (რასაც მე კატეგორიულად გამოვრიცხავ), ხოლო საქართველო აშშ-ს დახმარებით თანმიმდევრულად გააგრძელებს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხი არა თუ დაბლა დაიწევს, არამედ მნიშვნელოვნად უფრო მაღალ დონეს მიაღწევს.

3. მოსწონთ თუ არა ეს ყველა ჯურის (მათ შორის ქართველ) პაციფისტებს და უბრალოდ ლაჩრებს, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აგრესიულ და ვერაგ მტერს ესაზღვრება იძულებულია თავად დაიცვას იარაღით ხელში საკუთარი ქვეყნისა და თავისი ოჯახის წევრების სიცოცხლე, უსაფრთხოება და თავისუფლება.

4. არცერთი ქვეყანა არ იომებს არასოდეს ჩვენთვის. პირიქით, თუ მართლა ჩაგვყლაპა რუსეთმა, ის გვაიძულებს რუსეთის ინტერესებისათვის გვაომოს და გაგვწყვიტოს კიდეც, ისე როგორც ნაძირალა სტალინმა წაასხა 1941-1945 წლებში სასაკლაოზე ნახევარი მილიონი ქართველი, რომელთაგანაც 300000 ბრძოლის ველზე დაეცა რუსულ/ბოლშევიკური სისხლიანი იმპერიისათვის და არა საქართველოსათვის.

5. ჩვენი სამშობლოს დაცვა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მოვალეობაა და მეტი არავისი.

6. ცხადია ისიც, რომ როდესაც ცივილიზებული მსოფლიო დაინახავს თავისი ქვეყნის გადასარჩენად მებრძოლ საქართველოს, სამხედრო-ეკონომიკური დახმარებაც არ დააყოვნებს, ზუსტად ისე როგორც უკრაინაში მოხდა.

7. რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად (მიუხედავად იმისა მალე დაზავდებიან მოწინააღმდეგეები თუ გვიან), უკრაინის თავგანწირვისა და რუსეთისათვის უდიდესი ზიანის მიყენების გამო, საქართველოს შანსები შეინარჩუნოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და მოახერხოს პერსპექტივაში საერთო ევროპულ ოჯახში დაბრუნება მნიშვნელოვნად გაიზარდა .

8. რუსეთ უკრაინის ომმა რუსეთსაც ბევრი ასწავლა. პუტინის რუსეთის ლიდერშიფში იდიოტებთან ერთად ჭკვიანებიც არიან. არ შეიძლება ისინი არ ფიქრობდნენ იმაზე, თუ რას მიიღებენ ისინი საქართველოში ახალი შემოჭრითა და თბილისის აღებით. ვფიქრობ, რომ მათი აზრი ცალსახა იქნება – კარგს არაფერს.

9. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე თუ საქართველო „დენთს ყოველთვის მშრალად შეინახავს“ რუსეთი ბევრს იფიქრებს საქართველოში შემოჭრის აუცილებლობის მიზანშეწონილობაზე და დიდი ალბათობით თავსაც შეიკავებს ახალი ომის გაჩაღებისაგან.

10. მოდით დავუჯეროთ ქართველებმა რომაელებს, რომელთაც ასე უთქვამთ ბრძნულად: „Si vis pacem para bellum” (თუ მშვიდობა გსურს, ემზადე ომისათვის).

ზურაბ მარშანია