„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში ისრაელისკენ მიმავალ ან ისრაელთან დაკავშირებულ გემებზე თავდასხმებს განაგრძობენ.
„ჩვენი სამიზნე იყო და იქნება ისრაელის გემები ან ის გემები, რომლებიც მიემართებიან ოკუპირებული პალესტინის პორტებისკენ“, – წერს დაჯგუფების პრესსპიკერი, მუჰამედ აბდულსალამი სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მისი მტკიცებით, იემენის წინააღმდეგ აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებულ თავდასხმას გამართლება არ აქვს.
„ვადასტურებთ, რომ იემენის წინააღმდეგ ამ აგრესიას აბსოლუტურად არანაირი გამართლება არ აქვს, რადგან წითელ და არაბეთის ზღვებში საერთაშორისო ნავიგაციისთვის საფრთხე არ არსებობს“, – აცხადებს მუჰამედ აბდულსალამი.
მისი თქმით, აშშ და გაერთიანებული სამეფო ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ დარტყმები შეაკავებს იემენს, მხარი დაუჭიროს ღაზას და პალესტინელებს.