“რაც დღეს ხდება საქართველოში ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის თანასწორი ეკლესიის დევნისა” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

41
spot_img

რაც დღეს ხდება საქართველოში ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის თანასწორი ეკლესიის დევნისა. რაც ამ ერთმა ქალბატონმა გააკეთა, ეს არის კრებსითი სახე მათი, ვინც მას თანაუგრძნობს და მხარს უჭერს. წინ შესაძლებელია გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა – ის, რაც 100 წლის წინ და ცოტა უფრო ადრე ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ხდებოდა. ეს არის ნეობოლშევიზმის სახე, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, შობის დღეებში რა სკანდალის შექმნის მცდელობა იყო და პრინციპში შექმნეს კიდევაც – მოსახლეობის დიდ ნაწილს წაართვეს შობის სიხარული. ამ ტელევიზიების თუ ჟურნალისტების მსმენელებისა და თანამოაზრეების გულში ქრისტეს ნაცვლად იყო სტალინი. მათ ეს შემოინახეს შობის დღისთვის და ეს არაა პირველი მცდელობა, გადაფარონ დღესასწაული. რაც დღეს ხდება საქართველოში ეკლესიასთან მიმართებით, ეს არის თანასწორი ეკლესიის დევნისა. რაც ამ ერთმა ქალბატონმა გააკეთა, ეს არის კრებსითი სახე მათი, ვინც მას თანაუგრძნობს და მხარს უჭერს. წინ შესაძლებელია გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა – ის, რაც 100 წლის წინ და ცოტა უფრო ადრე ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ხდებოდა. ეს არის ნეობოლშევიზმის სახე. სულ ერთია, რომელი ხატია იქ, რომელი წმინდანია გამოსახული – ეს ხალხი ნებისმიერ ხატზე ამის გამკეთებელია. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ სკანდალის აგორებაში ფარულად თუ ხილულად მონაწილეობდნენ საქართველოს ეკლესიის მოქმედი სასულიერო პირები. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ყველა მათგანი სათანადოდ იქნება მხილებული“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს საპატრიარქომ მიმართა წმინდა სამების ტაძრისთვის წმინდა მატრონას ხატის შემწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.

სასულიერო პირების ინფორმაციით, აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაიწყო. შემდგომი რეაგირებისთვის საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება.