“დანიის ელჩის განცხადება უპასუხისმგებლო და თავხედურია” – ირაკლი ზარქუა

43
spot_img

დანიის ელჩის განცხადება უპასუხისმგებლო და თავხედურია, მგონი, ავიწყდება უფლებამოსილებები და ვალდებულებები – ერთადერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს – პოლარიზაციის გაღრმავება და მარგინალების მხარდაჭერა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის შესახებ დანიის ელჩის ოპ-ედს გამოეხმაურა.

ზარქუა ელჩს ურჩევს ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს და მომავალში უფრო ფრთხილი იყოს.

„როგორ გელანდებათ ყველაფერში სანქციები და როგორ გინდათ, მაგრამ ვერ ეღირსებით. ქალბატონი ელჩის განცხადებას რაც შეეხება, უპასუხისმგებლოს, მე ვიტყოდი, სიცრუეს, დეზინფორმაციას, თავხედურ განცხადებას დავარქმევდი, პირდაპირ უნდა ვთქვათ. მგონი, ავიწყდება ქალბატონ ელჩს უფლებამოსილებები და ვალდებულებები. თქვენ, ქალბატონო ელჩო, აქ დანიშნულო ხართ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს დაეხმაროთ ევროპულ ინტეგრაციაში. ჩვენ როცა მთელი რიგი წარმატებები გვაქვს და შევახსენებ ქალბატონ ელჩს, რომ კანონის უზენაესობით ჩვენ ვუსწრებთ კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა ქვეყანას და ევროკავშირის წევრ რამდენიმე სახელმწიფოს, ბიუჯეტის ღიაობით და გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ, თქვენს სახელმწიფოსაც ვუსწრებთ, ეს მათ შორის, თქვენმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა თქვეს, კორუფციის აღქმის ინდექსით 11 სახელმწიფოს ვუსწრებთ ევროკავშირის და ესაა მოცემულობა, რაც ბიძინა ივანიშვილის გუნდმა შექმნა, მოიტანა. ასე რომ, თქვენს ამ განცხადებებს ერთადერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს – პოლარიზაციის უფრო გაღრმავება და მარგინალების მხარდაჭერა, რის საპირისპიროდაც ვმუშაობთ ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ევროკავშირი. შემდეგში მოგიწოდებდით უფრო ფრთხილი იყოთ. არ ვიცი, ეს შეცდომით თუ გამიზნულად ქენით, ორივე შემთხვევაში დანაშაულია და მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო დაიბარებს ამ ელჩს და მოსთხოვს ახსნა განმარტებებს. მე კი ჩემი მხრიდან, ვურჩევდი ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას ამ განცხადების გამო”, – განაცხადა ზარქუამ.