დონალდ ტრამპს ემუქრება “დომინოს ეფექტი”-ავთანდილ წულაძე

52
spot_img

დონალდ ტრამპის მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში ეჭვ ქვეშ დგება. კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა რომ ამ შტატში დონალდ ტრამპი ვერ მიიღებს მონაწილეობას რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში. სასამართლომ გამოიყენა აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორება, რომელიც კრძალავს, ვინც დაიფიცა კონსტიტუციის დაცვა, მაგრამ მონაწილეობდა აჯანყებაში, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ტრამპმა აიძულა ხალხი კაპიტოლიუმის შტურმისკენ 2021 წლის 6 იანვარს.

კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპის ადვოკატები აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. თუმცა, დადგენილია სამართლებრივი პრეცედენტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება სხვა შტატების სასამართლოების მიერ.

The New York Times-ის ცნობით, სარჩელი დონალდ ტრამპის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში მონაწილეობის აკრძალვის მოთხოვნით კიდევ 16 შტატშია შეტანილი. მათ შორისაა ალასკა, არიზონა, ვისკონსინი, მიჩიგანი, ნიუ-იორკი, ტეხასი, ნევადა, ნიუ ჯერსი, ორეგონი, ნიუ-მექსიკო, სამხრეთ კაროლინა, ვერმონტი, ვირჯინია, ვაიომინგი და სხვა.

შეერთებულ შტატებში ირიბი საპრეზიდენტო არჩევნებია. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, შტატი იწვევს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც კენჭს აძლევს პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს. ყველა შტატის საარჩევნო ხმები იჯამება და ყველაზე მეტი ხმების მქონე კანდიდატი ხდება საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული. სხვადასხვა შტატს ჰყავს ამომრჩეველთა განსხვავებული რაოდენობა. აქედან გამომდინარე, არჩევნებში გასამარჯვებლად მნიშვნელოვანია დიდ შტატებში საარჩევნო კოლეგიის ხმების მოპოვება.

ამ თვალსაზრისით, კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილება ტრამპისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ეს შტატი ხმას აძლევს დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს და აქვს მხოლოდ 9 საარჩევნო კოლეგიის ხმა. ტრამპი მაინც ვერ მიიღებდა ამ ხმებს, თუნდაც არ ყოფილიყო კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილება. მაგრამ იმ შტატებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ კოლორადოს მაგალითს მიბაძონ, არის ისეთი დიდი შტატები, როგორიცაა, მაგალითად, ნიუ-იორკი. ეს უკვე 29 საარჩევნო კოლეგიის ხმაა.

ვინაიდან აშშ-ს აქვს პრეცედენტული სამართლის სისტემა, შესაძლებელია კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვიოს “დომინოს ეფექტი” – სხვა შტატების სასამართლოებმა მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილებები. ეს სცენარი უარყოფითად აისახება რესპუბლიკური პარტიის იმიჯზე. სიტუაცია ასე გამოიყურება: რიგ შტატებში პარტიას არ შეუძლია წარადგინოს თავისი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან მან მონაწილეობა მიიღო გადატრიალების მცდელობაში.

ტრამპის შტაბი ცდილობს გამოიყენოს არსებული ვითარება, რათა ყველაფერი „პოლიტიკურ დევნად“ წარმოაჩინოს. თუმცა, შეერთებულ შტატებში ძალაუფლების დანაწილების პრინციპი მოქმედებს. შეუძლებელია აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მისი ხელმძღვანელის, ჯო ბაიდენის, პოლიტიკურ დევნაში დადანაშაულება. გადაწყვეტილება კოლორადოს შტატის სასამართლომ მიიღო. ამიტომ, ტრამპმა უნდა დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა სასამართლოში იურიდიულად და არ დააბრალოს ყველაფერი თავის მთავარ კონკურენტს არჩევნებში.

გარდა ამისა, ამერიკელები ხმას აძლევენ ძლიერებს, გამარჯვებულებს. დამარცხებული, „ლუზერი“ ისეთ კონკურენტულ საზოგადოებაში, როგორიც ამერიკულია, არ სარგებლობს პატივისცემით. ამ დროისთვის ტრამპი ლიდერობს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში, მაგრამ თუ კიდევ რამდენიმე შტატის სასამართლო მიიღებს იგივე გადაწყვეტილებას, როგორიც კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო, მაშინ დონალდ ტრამპს „ლუზერად“ აღიქვამენ და ეს იქნება მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული.

ავთანდილ წულაძე -პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი