“ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა” – ირაკლი ღარიბაშვილი

47
spot_img

ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა. 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა.

„2012 წელს, უმუშევრობის დონე იყო 27% დაახლოებით. შარშან, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა, ასევე შემცირდა სიღარიბე და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, 15%-მდე ჩამოვიდა სიღარიბე. წელს, სამივე კვარტალში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა. და მესამე კვარტლის მდგომარეობით, კვარტალურ ჭრილში რომ ვთქვათ, დასაქმების მაქსიმალური მაჩვენებელი და უმუშევრობის მინიმალური დონე ფიქსირდება. უმუშევრობის დონე მცირდება სამუშაო ძალის და დასაქმების ზრდის პარალელურად; წელს, მაგალითად, მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე 15.6% იყო, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე რეკორდული, მილიონ 366 ათასს მიაღწია.

ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა. 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს.

ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობის კიდევ ერთი კონკრეტული შედეგი.
ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით, გაზრდილია 1.5-ჯერ – 245 ათასით.

მესამე კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა ასევე გაიზარდა. მოქმედი ბიზნესსუბიექტების რაოდენობა 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით, 71%-ით არის გაზრდილი – 119 ათასიდან 205 ათასამდე გაიზარდა.

ახლად რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობა, შარშან, 2012 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა 40 ათასიდან 77 ათასამდე.

ბიზნესსექტორის ბრუნვის მონაცემები მინდა გაგიზიაროთ, 2012 წელთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა ბიზნესსექტორის ბრუნვა, 42 მილიარდი ლარიდან 181 მილიარდ ლარამდე.
ეს არის ბოლო 10-11 წლის მონაცემები, შედარება რომ გავაკეთოთ.

ასევე, 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 3-ჯერ ბიზნესსექტორის გამოშვება, 23 მილიარდი ლარიდან 71 მილიარდ ლარამდე.

უკვე წელს, იანვარ-სექტემბერში ბიზნესსექტორის ბრუნვა 12.6%-ით გაიზარდა, 143 მლრდ. ლარი შეადგინა ბიზნესსექტორის ბრუნვამ, ხოლო ბიზნესსექტორის გამოშვებამ 54 მლრდ. ლარი”, – განაცხადა პრემიერმა.